სოფელ უზუნთალაში 43 წლის მამაკაცი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში 43 წლის მამაკაცი აიაზ ულხანოვი საკუთარი სახლის წინ დაჭრეს. შემთხვევა საღამოს 19:00 საათზე მოხდა.
როგორც დაჭრილის ძმა მუსა ულხანოვი რადიო ჰერეთს უყვება, სოფელში მეზობლის ქორწილი იყო, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა აიაზ ულხანოვის სახლის წინ მანქანა გააჩერა. ულხანოვს საკუთარი მანქანის გამოყვანაში ხელი ეშლებოდა. რის გამოც მან სთხოვა, რომ გადაეყენებინა მანქანა.
ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა აგრესიულად უთხრა უარი, რის გამოც მოხდა ურთიერთშელაპარაკება. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, რომელიც სოფელ კაბალში ცხოვრობს, დანით მკლავის და გულმკერდის არეში სამი ჭრილობა მიაყენა აიაზ ულხანოვს.
დაჭრილი ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დაჭრილი აიაზ ულხანოვის ძმა მუსა ულხანოვი
დაჭრილის შესახებ რადიო ჰერეთთან კომენტარი გააკეთა ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკის დირექტორმა ნუკრი ყარალაშვილმა.