fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ამომრჩეველთა მოსყიდვა და ზეწოლა – ISFED-მა ანგარიში გამოაქვეყნა

366

წინასაარჩევნოდ, ამომრჩეველთა მოსყიდვის და ზეწოლის ფაქტები კვლავ გრძელდება. არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 8 სექტემბერს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დარღვევებზეა ყურადღება გამახვილებული.

კერძოდ, ამომრჩეველთა მოსყიდვის, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების, ზეწოლა/მუქარისა და ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტები საზოგადოებას გააცნეს. ანგარიში მოიცავს ძირითადად 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.

რადიო ჰერეთი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ანგარიშში მოხვედრილ იმ ფაქტებს, რომლების კახეთის რეგიონს უკავშირდება.

სხვადასხვა შემთხვევების გარდა, ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული თელავში გამოვლენილ ფაქტზე, რა დროსაც, თელავში, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მხარდამჭერი აცხადებს, რომ მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ემუქრებიან, რომ თუ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას არ შეწყვეტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში დაისჯება.

ანგარიშში მოხვდა აგრეთვე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები.  მაგალითები ძირითადად გამოვლინდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაციაზე, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასწრებაში: გურჯაანში, ხარაგაულში, თელავში, ლაგოდეხში, ამბროლაურში, სამგორში, ფოთში. აღნიშნულ ღონისძიებებზე დეპუტატობის კანდიდატები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერებთან ერთად, საწარმოების და ახლად რეაბილიტირებული ობიექტების გახსნა/შემოწმებას ესწრებოდნენ, შემდეგ, მათ უმრავლესობას, სოციალურ მედიაში ეს საკუთარ აქტივობად ჰქონდა წარმოჩენილი.

ანგარიშში მოხვდა რადიო ჰერეთის მიერ 27 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის მიმართ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის შესახებ.

აღაჯალა ოღუჯოვის თქმით, მას, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს, ღამით დაუხვდა რამდენიმე პირი და დაემუქრა, რომ თუ არ შეწყვეტდა აღნიშნული პარტიის მხარდაჭერას, დაისჯებოდა როდესაც ნაციონალები მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. ოღუჯოვი ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს ახსენებს და ფიქრობს, რომ მისი დაშინება, სწორედ, ბოტკოველის ინტერესებში შედის. ოღუჯოვმა არ ისურვა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბარი. „ქართული ოცნების“ დეპუტატის ზურაბ მუსაევის თქმით, მან მხოლოდ ის იცის, რაც სტატიაში წერია, თუმცა, ენდობა ოღუჯოვს და სჯერა მისი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა, დამკვირვებელთან კატეგორიულად უარყო ასეთ ინციდენტში მისი და მისი მხარდამჭერების მონაწილეობა.

ანგარიშში ლაპარაკია მაჟორიტარობის კანდიდატების და ხელისუფლების მაღალჩინოსნების ერთობლივ აქტივობებზე, რაც ამომრჩეველზე გავლენას ახდენს. მაგალითად, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან, თბილისის მერთან ერთად, სოფელ კურდღელაურში ახალი სასტუმრო „ესკიზი“ დაათვალიერა. აღნიშნული სასტუმრო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სასტუმროს კომპონენტით იყო მხარდაჭერილი. ამის შესახებ ინფორმაცია კანდიდატმა ფეისბუქ-გვერდზეც გააზიარა.

11 აგვისტოს, ირაკლი ქადაგიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, სკოლის სამშენებლო სამუშაოებს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. აღსანიშნავია, რომ ქადაგიშვილმა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა 1 აგვისტოდან დატოვა და ზემოაღნიშნულ ღონისძიებებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სტატუსით იმყოფებოდა.

ანგარიშში ასევე ლაპარაკია ეკლესიის ჩართულობაზე სახელისუფლებო კანდიდატების მხარდასაჭერად. მაგალითად, როცა 11 აგვისტოს, ლაგოდეხში, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინეს, შეხვედრას ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი ესწრებოდა. ახმეტის მოსახლეობასთან ქადაგიშვილის წარდგენას ალავერდელი მიტროპოლიტი დაესწრო.

გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენას ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე დაესწრო.

ანგარიშში აგრეთვე ასახულია ფიზიკური ზეწოლის ფაქტი, რომელიც თბილისში მოხდა.

4 სექტემბერს, „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ აქტივისტს, ლევან სამუშიას შტაბის ხელმძღვანელს, გიორგი გლურჯიძეს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდამსხმელები ეკითხებოდნენ რატომ უჭერდა მხარს „ლელოს“. გლურჯიძე ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი თქმით, თავდამსხმელთა ამოცნობა შეუძლია. პოლიციამ თავდასხმაში ბრალდებული ერთი პირი დააკავა. გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ანგარიშში მოხვდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები. მაგალითად, ბათუმის დრამატულ თეატრში ირმა ინაშვილის, „პატრიოტთა ალიანსისა“ და კომპანია „კარფურის“ სახელით თეატრის თანამშრომლებს 77 სასურსათო კალათა დაურიგდა. კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილიმა აღნიშნა, რომ დახმარება სწორედ ირმა ინაშვილისა და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერით გაიცა.

გორში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სამ სოციალურად დაუცველ ოჯახს სასურსათო პაკეტები დაურიგა.

ფოთში, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ საფეხბურთო ტურნირში გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადასცა, რომლის თანასპონსორი კომპანიის წილის მეოთხედს ბატონი ხახუბია ფლობს. ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის მიერ გაჟღერებული „იაფი მედიკამენტების“ პროგრამა, რომლის ფარგლებში პარტიამ ალტერნატიული აფთიაქი გახსნა და თურქეთიდან შემოტანილ გარკვეულ მედიკამენტებს საქართველოში არსებულ საბაზრო ფასზე იაფად ყიდის.

ონსა და მარნეულში, დაფიქსირდა მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა. ონში, კანდიდატი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მონაწილეობდა მოსახლეობისთვის ფქვილის ტომრების გადაცემაში, ხოლო მარნეულში კანდიდატმა შეხვედრა ტკბილეულითა და ჩაით გაწყობილ სუფრასთან გამართა.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები, ძირითადად, გამოვლინდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაციაზე, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასწრებაში: გურჯაანში, ხარაგაულში, თელავში, ლაგოდეხში, ამბროლაურში, სამგორში, ფოთში. აღნიშნულ ღონისძიებებზე დეპუტატობის კანდიდატები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერებთან ერთად, საწარმოების და ახლად რეაბილიტირებული ობიექტების გახსნაშემოწმებას ესწრებოდნენ, შემდეგ, მათ უმრავლესობას, სოციალურ მედიაში ეს საკუთარ აქტივობად ჰქონდა წარმოჩენილი.

ანგარიშის დასკვნის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის – 17 ფაქტი; წინასაარჩვნოდ, ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების მიერ ინიცირებული 2 პროექტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების – 3; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის – 4; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 18; ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის – 6; მედიის საქმიანობისთვის სავარაუდო ხელის შეშლის – 2 შემთხვევა; ასევე, პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანების შემთხვევები 13 მუნიციპალიტეტში.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი