მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

რა შეიზღუდა კორონავირუსის მატების გამო საქართველოში

ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე რეგულაციები გაამკაცრა.

თეატრები და კინოთეატრები, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრები პირველი ნოემბრიდან გაიხსნება;

10 სექტემბრიდან იკრძალება ე.წ. სოციალური თუ სარიტუალო ღონისძიებები, როგორებიცაა იუბილე, ქორწილი, ქელეხი და სხვა, მათ შორის ღია სივრცეში;

10 სექტემბრიდან, ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა 200 ადამიანამდე იზღუდება; თუმცა, აღნიშნული შეზღუდვები საარჩევნო აგიტაციასა და პოლიტიკურ პროცესზე არ გავრცელდება;

ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭომ სკოლებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმების რეკომენდაცია გასცა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისი, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თეატრებსა და კინოთეატრებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრების ფუნქციონირების განახლება, პირველ ნოემბრამდე გადაიდო.

გარდა ამისა, სარიტუალო ღონისძიებების დახურულ სივრცეში ჩატარებაზე მოქმედი შეზღუდვა ღია სივრცეებზეც გავრცელდება, კერძოდ, 10 სექტემბრიდან, ე.წ. სოციალური ღონისძიებები, როგორებიცაა იუბილე, ქორწილი, ქელეხი და ა.შ, სრულად აიკრძალება.

რაც შეეხება ღია ცის ქვეშ დაგეგმილ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს, მათზე დამსწრე აუდიტორიის მაქსიმალური რაოდენობა 200 ადამიანით განისაზღვრა.

ასევე, 10 სექტემბრიდან იკრძალება კულტურული და სპორტული ღონისძიებები 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით, აღნიშნული რეგულაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი იმოქმედებს კანონით გათვალისწინებული სანქციები.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებული შეზღუდვები არ გავრცელდება საარჩევნო პროცესსა და აგიტაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეასრულონ წესები, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადეები და დაიცვან დისტანცია. გარდა ამისა, გამკაცრდება დადგენილი რეგულაციების აღსრულების კონტროლი.

წესების გამკაცრება გასული დღე-ღამის მანძილზე 44 ახალმა შემთხვევამ დააჩქარა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 44 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 არის საკონდიტრო „დონასთან“ დაკავშირებული შემთხვევები, 12 ქალაქ ბათუმთან დაკავშირებული შემთხვევა, 12 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 2 ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორიით არის, 5 იმპორტირებულია, 3 სამედიცინო პერსონალია, სამ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოკვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1773 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1325 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 390 პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button