ეკონომიკამნიშვნელოვანისიახლეები

„თელასის“ წილი სახელმწიფოსგან ხვიჩა მაქაცარიამ იყიდა

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული „თელასის“ წილი გაიყიდა. საპარტნიორო ფონდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „თელასის“ 24.5%-იანი წილი, რომელსაც ფონდი ფლობდა, 32,4 მილიონ ლარად კომპანია „ბესტ ენერჯი გრუპმა“ შეიძინა. თელასის აქციების შეძენის სურვილი სხვას არავის გამოუთქვამს და საბოლოოდ, აქციების მფლობელი გახდა კომპანია, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა.

ხვიჩა მაქაცარიას სახელთან არის დაკავშირებული რამდენიმე კომპანია, მათ შორის „თბილისის მიკროავტობუსი“, შპს „მობიტელი“ (ბრენდი „ბილაინი“), „ჯორჯიან სერვის ნეთვორქი“, „რკინიგზის ტელეკომი“, სარეკლამო სააგენტო „ელეფანტი“ და სხვა.

სს „თელასის“ აქციების 75.11%-ს რუსული ენერგოგიგანტი „ინტერ რაო“ ფლობს. აქციათა თითქმის 25% აქამდე სახელმწიფოს საკუთრებაში რჩებოდა.

თუ გავიხსენებთ, 1998 წელს კორპორაცია AES-მა სახელმწიფოსგან შეიძინა სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციათა 75%. 2003 წელს კი AES-ის მფლობელის, „Silk Road Holdings B.V.”-ის აქციათა 100% იყიდა ფინურმა კომპანიამ – სს RAO Nordic Oy, რომლის ერთადერთი აქციონერია ღსს „ინტერ რაო“.

შედეგად, თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელის მფლობელები ამჟამად რუსული „ინტერ რაო“ და საქართველოში 2018 წელს დაფუძნებული „ბესტ ენერჯი გრუპია“.

„თელასის“ წილის ყიდვით რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია იყო დაინტერესებული, ჯერ კიდევ შარშან წერდა მედია. შარშანდელ ოქტომბერში ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფდნენ, რომ სახელმწიფო „თელასის“ წილის გაყიდვას აპირებდა, თუმცა, საბოლოოდ გარიგება წლევანდელ სექტემბერში დადასტურდა.

აღსანიშნავია რომ „თელასის“ 2019 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა 453 მილიონი ლარი შეადგინა, მისი წმინდა მოგება კი 14 მილიონი ლარი იყო.

დოკუმენტის თანახმად, კომპანიას დედაქალაქში 600,000 აბონენტი ჰყავს.

„თელასის“ მთლიანი აქტივების ღირებულება 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 362.9 მილიონ ლარს შეადგენს.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button