Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კახეთში რამდენიმე სკოლაში შემოწმების შედეგებს ელოდებიან

227

„რთული იქნება და ძალისხმევა დაგვჭირდება, მაგრამ სწავლას ყველგან დავიწყებთ, მათ შორის, ველისციხეშიც“, – ასე აფასებს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორი კახეთის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესისათვის მზადებას.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ვირუსის შემთხვევა დადასტურდა აქამდე მწვანე ზონად შენარჩუნებულ კახეთშიც. დაავადება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში გამოვლინდა, სადაც პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, კახეთის საჯარო სკოლები სასწავლო წლის დასაწყებად მაინც ემზადებიან.

უკვე რამდენიმე დღეა, საჯარო სკოლებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტისა და სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლები ამოწმებენ.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ქვეყნის მასშტაბით 81 სკოლა სწავლის დასაწყებად და ვირუსის პრევენციისათვის დადგენილ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ამ სკოლებს შორის ჯერჯერობით კახეთის რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებები არ მოხვედრილა.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში შემოწმების პასუხს რაიონის ხუთ სკოლასთან დაკავშირებით ელოდებიან.

ცენტრის დირექტორი დალი მინდიაშვილი განმარტავს, რომ სწავლის პროცესის მართვა რთული იქნება, თუმცა, სწავლა მაინც ყველგან დაიწყება, მათ შორის, ვირუსის დაფიქსირების ადგილზეც.

„ბუნებრივია, სირთულეები გვექნება, რადგან ეს ჩვენთვის ახალი რეალობაა. ხუთ სკოლაზე შემოწმების პასუხს ველოდებით. მშობლების დიდი იმედი გვაქვს, რომ რეკომენდაციების დაცვაში დაგვეხმარებიან. სწავლას ყველგან დავიწყებთ, მათ შორის, ველისციხეშიც. სარემონტო სამუშაოების გამო დაგვაგვიანდება გურჯაანის პირველ სკოლაში და ჰიბრიდულ სწავლებაზე იქნება კარდენახის საჯარო სკოლა. მას პატარა ფართი აქვს და ბავშვები ჭანდრის სკოლაში ივლიან. გაკვეთილების ხანგრძლივობაც 5 წუთით შევამცირეთ“, – განაცხადა რადიო ჰერეთთან გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორმა დალი მინდიაშვილმა.

შემოწმების პასუხს ელოდებიან ახმეტისა და თელავის საგანმანთლებლო რესურს-ცენტრებშიც.

„ჯერჯერობით, ხარვეზის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ყველაფერი მოვამზადეთ, სამინისტრომ თავადაც გადმოგვცა უსაფრთხოებისთვის აუცილებელი აღჭურვილობა. ზოგი რამ ჩვენც შევიძინეთ“, – განაცხადა ახმეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორმა მანანა ნადიბაიძემ.

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სანავარდოსა და ახალსოფლის ორი საჯარო სკოლა, ფართის სიმცირის გამო არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტს.

საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორი ქეთევან ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ მცირე კონტიგენტის მქონე სკოლებში, სწავლის პროცესი არ გართულდება.

„ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის მხოლოდ ორს აქვს მცირე ფართი. ამიტომ კონტიგენტს ორად გავყოფთ. მთლიანად სკოლებში დავამატეთ მორიგე პედაგოგები, ასევე ზოგ სკოლაში, დილის სხვადასხვა საათებში დავიწყებთ სწავლას. მე მგონია, რომ სულ ცოტა ორი კვირა მაინც აუცილებელია, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ერთმანეთი გაიცნონ. თუ გარდაუვალი იქნება, ონლაინ-სწავლების გამოცდილება გვაქვს. ვფიქრობ, რომ უფრო გაუჭირდებათ იმ სკოლებს, სადაც მოსწავლეების დიდი რაოდენობაა“, – განაცხადა ჭიპაშვილმა.

რადიო ჰერეთის კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს ლაგოდეხისა და სიღნაღის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელძღვანელებმა. მიზეზად, მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ონლაინ-ჩართვა დაასახელეს.

მედიასთან კონტაქტზე უარი განაცხადეს დიდი კონტიგენტის მქონე თელავის საჯარო სკოლების დირექტორებმაც.

თელავის მეცხრე საჯარო სკოლა, ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი სკოლაა, თელავის მუნიციპალიტეტში.

სკოლის დირექტორმა, ნანა ვახტანგიშვილმა არ უპასუხა კითხვას – პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე როგორ აპირებენ სკოლაში მოსწავლეთა დიდი ნაკადის უსაფრთხოდ მართვას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მხოლოდ ბათუმსა და ქობულეთში განახლდება.

საქართველოს სხვა რეგიონებსა და ქალაქებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში 15 სექტემბრიდან დაიწყება. დღეს აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანაშრომელს, მათ შორის დირექტორს და მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა. რას გადაწყვეტენ ჯანდაცვის და განათლების სამინისტროები, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი