fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“საქართველო ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის”

98

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოში საინვესტიციო გარემოს შესახებ, 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ საქართველოში „მთლიანობაში, ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის პირობები კარგია“, მაგრამ მათთვის ცნობილია, რომ „ზოგიერთი კომპანია გამოხატავს ნდობის მზარდ ნაკლებობას სასამართლო სექტორის უნარის მიმართ, კომერციულ დავებში გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად“.

სხვა ფირმები, წაიკითხავთ ანგარიშში, ჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების არაეფექტიანი პროცესის გამო.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ პრობლემების მოგვარების მიზნით და ბიზნესის წარმოების მხრივ, საქართველო რეგიონში მაღალ ადგილს ინარჩუნებს.

ანგარიშში მოყვანილია მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომლის მიხედვით ქვეყანა ბიზნესის წარმოების სიმარტივით მეშვიდეა მსოფლიოში, და Heritage Foundation-ის ინდექსი, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, საქართველოს, ქვეყნებს შორის მეთორმეტე პოზიციაზე აყენებს.

დოკუმენტი მკითხველებს ამცნობს, რომ ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში შედარებით სწრაფად და მოქნილად ხდება და საკუთრების რეგისტრაციის მხრივ, საქართველო მეორე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მსოფლიო ბანკმა 2020 წელს შეაფასა.

ანგარიშში ასევე საუბარია ანაკლიის ნავსადგურის პროექტის შესახებ, რომელიც 2016 წლის შემდეგ რამდენჯერმე შეფერხდა. მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს კონტრაქტი 2020 წელს შეუწყვიტა და განაცხადა, რომ კონსორციუმმა არ განახორციელა კაპიტალის სათანადო მობილიზება, რომელიც საჭირო იყო პროექტის რეალიზებისთვის. ანგარიშის თანახმად, მთავრობა აცხადებს, რომ ის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას აპირებს და პროექტს განმეორებით ტენდერზე გაიტანს.

ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ „საქართველო ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის“. კანონმდებლობა უცხოეთის ინვესტიციებისთვის ქმნის ხელსაყრელ პირობებს, მაგრამ ინვესტორებისთვის არ აწესებს შეღავათებს.

საქართველოში, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, – არ არის შემუშავებული უწყებათაშორისი პროცესი უცხოური ინვესტიციების შესამოწმებლად, მაგრამ სამინისტროებს და სააგენტოებს აქვთ უფლება, შეამოწმონ ინვესტიციები სახელმწიფო უშიშროების თვალსაზრისით. იქვე წაიკითხავთ, რომ უცხოელი ინვესტორები სახელმწიფო ქონების მსხვილი პრივატიზების თითქმის ყველა შემთხვევაში მონაწილეობდნენ. „პრივატიზების გამჭვირვალობა ხანდახან პრობლემას წარმოადგენდა.” – ნათქვამია ანგარიშში.

Transparency International-ის კორუფციის ინდექსის მიხედვით, 2003 წლის შემდეგ, ასაქართველოს რეიტინგი aრსებითად გაუმჯობესდა. კორუფციის აღქმის ინდექსის 2019 წლის მონაცემებით, ეს ქვეყანა 44-ე ადგილზეა 180 სახელმწიფოს შორის და უსწორდება ჩეხეთის რესპუბლიკას, ლატვიას და კოსტა რიკას.

„მაშინ როცა საქართველო წარმატებით ებრძვის კორუფციას დაბალ დონეზე, ქვეყანა მოწყვლადია იმ მხრივ, რასაც Transparency International-ი „ელიტურ“ კორუფციას უწოდებს.” – აცხადებენ ანგარიშის ავტორები და წერენ, რომ „მაღალი დონის მოხელეები იყენებენ კანონმდებლობაში ხვრელებს საკუთარი გამდიდრების, სტატუსის და შურისგების მიზნით“.

ანგარიშის ავტორები წერენ, რომ მტკიცებულებები ხშირად მონათხრობ ამბებზეა დაყრდნობილი, მაგრამ კორუფციის ამ ფორმას, ან წარმოდგენას მის არსებობაზე, შეუძლია, საქართველოს უწყებების და ამ ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს მიმართ საზოგადოების და ინვესტორების ნდობა შეარყიოს. „კორუფცია რჩება პრობლემად სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, სახელმწიფო მართვის პრაქტიკასა და სასამართლოს სისტემაში არაზუსტი კანონმდებლობის და ეთიკური სტანდარტების გამო“.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ავტორების თანახმად, ფისკალური და სავალუტო პოლიტიკა საქართველოში მიმართულია დაბალ დეფიციტზე, დაბალ ინფლაციასა და მოძრავი გაცვლითი კურსისკენ, თუმცა ამ უკანასკნელზე ზემოქმედება ჰქონდა რეგიონულ მოვლენებს, რუსეთის მიმართ სანქციებს, დოლარის კურსის განმტკიცებას და სხვა გარე ფაქტორებს.

ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ „სახელმწიფო ვალი და საბიუჯეტო დეფიციტი კონტროლის ქვეშ რჩება“.

თუმცა, გლობალურმა პრობლემებმა, რომლებიც უკავშირდება კოვიდ-19-ს და მისი გავრცელების შეზღუდვის ზომებს, „მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეროვნულ ვალუტასა და ადგილობრივ ეკონომიკაზე”.

აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ეკონომიკური სამუშაო ჯგუფის გზით, აშშ და საქართველო ორმხრივი ვაჭრობის და ინვესტიციების გაზრდაზე მუშაობას აგრძელებენ. საინვესტიციო ხელშეკრულება საქართველოს და აშშ-ს შორის ხელმოწერილი იქნა 1994 წელს და ქართულ კომპანიებს უფლება აქვთ, სხვადასხვა ტიპის საქონელი აშშ-ში, პრეფერენციის საერთო პროგრამის ჩარჩოებში, გადასახადის გარეშე შეიტანონ.

ანგარიშში მოკლედ არის აღწერილი საქართველოს უახლესი ისტორიის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი, ქართული რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთის ვითარება და ნათქვამია, რომ 2008 წელს რუსეთი შეიჭრა და დაიკავა სამხრეთ ოსეთის რეგიონი, და რომ ცენტრალური მთავრობა ვერ ახორცილებს ამ რეგიონების კონტროლს.

„აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს საქართველოს რეგიონებს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, დამოუკიდებლად.” – წერია ანგარიშში.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი