fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების ბიზნესინტერესები და შემოწირულებები

277

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”-ს კვლევის მიხედვით,

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტი – 30-დან 19 – ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (17 – თავად და მისი რომელიმე ოჯახის წევრი, ხოლო 2-ის მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს 19 კანდიდატი, მთლიანობაში, სხვადასხვა ფორმით, დაკავშირებულია 186 კომპანიასთან.

ბექა ოდიშარია

მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 14, 2012-20 წლებში პირადად იყო „ქართული ოცნების” შემომწირველი. მთლიანობაში, მათ „ქართულ ოცნებას” 740 826 ლარი შესწირეს. ესენი არიან: ბექა ოდიშარია, გიორგი ვოლსკი, ლევან კობიაშვილი, გოგი მეშველიანი, ზაალ დუგლაძე, სამველ მანუკიანი, გოჩა ენუქიძე, პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ჩიქოვანი და ანზორ ბოლქვაძე.

გიორგი ვოლსკი

მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ მაჟორიტარობის კანდიდატთა ბიზნესპარტნიორებიც. მთლიანობაში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2012-2020 წლებში ქართულ ოცნებას 3 702 826 ლარი შესწირეს.

მაჟორიტარობის კანდიდატთა შორის, ყველაზე მსხვილი შემომწირველები (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) არიან: გოჩა ენუქიძე – 1 254 000 ლ; ზაალ დუგლაძე – 990 000 ლ; ირაკლი ხახუბია 458 000 ლ; დავით სონღულაშვილი – 340 000 ლ; ბეჟან წაქაძე – 320 000 ლ.

ლევან კობიაშვილი

სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ მაჟორიტარობის 8 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია აქვთ. მთლიანობაში, 2012-2020 წლებში, ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით, ამ კომპანიებს მიღებული აქვთ 4 364 109 ლარი (ტენდერი – 623 450 ლ; გამარტივებული შესყიდვა – 3 740 659 ლ).

გოჩა ენუქიძე

მაჟორიტარობის 6 კანდიდატს (დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ზაალ დუგლაძე, გოჩა ენუქიძე, ზაზა ლომინაძე და ირაკლი ხახუბია) სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში აქვს მონაწილოება მიღებული: 2013-2020 წლებში მათ ან მათმა კომპანიებმა 758 300 ლარად შეისყიდეს სახელმწიფო უძრავი ქონება და 2 210 000 ლარად, – სახელმწიფო საწარმოების წილები.

სამველ მანუკიანი

ორი კანდიდატის შემთხვევაში (დავით სონღულაშვილი და ირაკლი ხახუბია), მათთან დაკავშირებულ კომპანიას სახელმწიფო დაფინანსება აქვს მიღებული პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში. მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 12 646 900 ლარს.

მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან, 6 არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა. ესენი არიან: სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, დავით სერგეენკო, შალვა კერესელიძე, ზაურ დარგალი და ნინო ლაცაბიძე.

ზაალ დუგლაძე

„ქართული ოცნების” მაჟორიტარობის 6-მა კანდიდატმა 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტიას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შესწირა თანხა. ესენი არიან: ბექა ოდიშარია, დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაალ დუგლაძე, ირაკლი ხახუბია და ანზორ ბოლქვაძე.

დავით სონღულაშვილი

30 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან, 17 მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირია, რომლებსაც 2019-20 წლებში ქონებრივი დეკლარაცია აქვთ შევსებული. მათ მიერ შევსებულ ბოლო დეკლარაციებში შემდეგი დარღვევები გამოვლინდა:

ანზორ ბოლქვაძე

მაჟორიტარი დეპუტატობის 5 კანდიდატს არასრულად ან საერთოდ არ აქვს დეკლარირებული, მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები: დავით სონღულაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ანზორ ბოლქვაძე, ირაკლი ხახუბია და რესან კონცელიძე.

6 შემთხვევაში, თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.

ირაკლი ქადაგიშვილი

გარდა იმისა, რომ ეს კანონდარღვევაა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ თანამდებობის პირებმა ფორმალურადაც არ თქვეს უარი საკუთარი წილების მართვაზე. ესენი არიან: ლევან კობიაშვილი, დავით სონღულაშვილი, სამველ მანუკიანი, ირაკლი ხახუბია, გოჩა ენუქიძე და ირაკლი ქადაგიშვილი.

გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი