მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

ყვარლის მერმა ოპოზიციის მხარდამჭერი სამსახურიდან გაათავისუფლა

2020 წლის 7 სექტემბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა, მუსიკალური სკოლების გაერთიანების დირექტორი, მრავალშვილიანი დედა სამსახურიდან გაანთავისუფლა.

თამარ გიგიაშვილის მეუღლე, თორნიკე მოლაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის მხარდამჭერია. მეუღლის სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზად, მოლაშვილი სწორედ ამ მხარდაჭერასა და საკუთარ საცხოვრებელ სახლზე ბოტკოველის ბანერის განთავსებას მიიჩნევს.

თორნიკე მოლაშვილი

“ბრძანებას ჩახედეთ, საფუძველიც კი არ არის მითითებული. 2017 წელს, მეც ყვარლის მერის დაჟინებით დავტოვე სამსახური, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ვიყავი. სესიაშვილმა მაშინ, სამსახურის დატოვება პირდაპირ მომთხოვა. ახლა არავითარი შემონათვალი, ან რამე დისციპლინური სახდელი არ ყოფილა. ჩემი მეუღლე, უცერემონიოდ, თვითნებურად გაანთავისუფლა. ეს არის პოლიტიკური დევნა ჩემი საქმიანობის გამო და კანონის ყველა ნორმის დარღვევით დაწერილი ბრძანებაც ამის დასტურია.” – განაცხადა მოლაშვილმა რადიო “ჰერეთთან”.

გიორგი ბოტკოველი

თამარ გიგიაშვილის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება, მედიასთან შეხვედრაზე, ახმეტა-თელავი- ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა, 12 სექტემბერს გაასაჯაროვა. თამარ გიგიაშვილის დათხოვნას, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმაც პოლიტიკური დევნა უწოდა.

“ეს არის დევნა, ჩემი მხარდაჭერისათვის, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ჩვენ რეაგირებისათვის აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას.” – განაცხადა ბოტკოველმა.

როსტომ სესიაშვილი

“ქართული ოცნების” შტაბში, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნას არასერიოზული უწოდეს. შტაბის ხელმძღვანელის, პლატონ კალმახელიძის განმარტებით, მსგავსი კამპანია არასერიოზულია. თამარ გიგიაშვილის სამსახურიდან განთავისუფლების საკითხზე, მოკლე განმარტებით შემოიფარგლა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი.

“მე მაქვს უფლებამოსილება, დავითხოვო სამსახურიდან აიპის ხელმძღვანელი. ასე ჩავთვალე საჭიროდ და პოლიტიკური დევნა რა შუაშია?” – განაცხადა სესიაშვილმა.

თამარ გიგიაშვილს ოთხი შვილი ჰყავს, რომელთაგან ორი არასრულწლოვანი, ორი კი, – სტუდენტი.
კანონით დადგენილ ვადაში, სამსახურიდან დათხოვის ბრძანებას, ოჯახი სასამართლოშიც გაასაჩივრებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button