მსოფლიოპოლიტიკასიახლეები

მინსკში გამართულ მარშში მონაწილეობა 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო

კვირას, 13 სექტემბერს ბელარუსში, დედაქალაქ მინსკში გამართულ მარშში მონაწილეობა 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. პოლიციამ ძალის გამოყენებით 400-ზე მეტი მომიტინგე დააკავა.

მსვლელობას “გმირების მარში” დაარქვეს. ბელარუსულ საინფორმაციო ვებ-გვერდზე, თუტ.ბყ-ზე გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მომიტინგეებს შორის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ძალოვნები არიან, რომლებიც აქციის მონაწილეებზე ძალადობენ.

შეზღუდული იყო წვდომა მობილურ ინტერნეტზე და დაიხურა მინსკის მეტროს ცენტრალური სადგურები.

მომიტინგეები ლუკაშენკოს რეზიდენციისკენ მიდიოდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. აქციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც, მათ შორის გომელში, გროდნასა და ბრესტში. იქ პოლიციამ აქციების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

დღეს, 14 სექტემბერს ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სოჭში შეხვდება.

პუტინი ლუკაშენკოს დაჰპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსში უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება. კრემლში განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მზად არიან, დახმარება გაუწიონ კოლექტიური სამხედრო პაქტის ფარგლებში.

27 აგვისტოს კი რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ალექსანდერ ლუკაშენკომ მას სთხოვა, შეექმნა სარეზერვო პოლიციის ძალა, თუმცა პირობა დადო, რომ არ გამოიყენებს მანამდე, სანამ კრიზისი კონტროლს გასცდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button