fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გიორგი ვაშაძემ Facebook-ზე პოლიტიკური რეკლამისთვის ყველაზე მეტი თანხა დახარჯა

182

„ფეისბუქის“ მიერ საქართველოში პოლიტიკურ რეკლამებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 4 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, პოლიტიკურ რეკლამებში დაახლოებით, $193 465 დაიხარჯა.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, ყველაზე დიდი თანხა „ფეისბუქზე“ პოლიტიკურ რეკლამაში „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ დაიხარჯა, ჯამში, – 47 800 აშშ დოლარამდე 289 რეკლამისთვის.

30 782 აშშ დოლარი დახარჯა “ევროპულმა საქართველომ”, საიდანაც დაახლოებით 52% პარტიის „ფეისბუქ“ გვერდის რეკლამებზე მოდის, ხოლო დანარჩენი პარტიის ლიდერების ოფიციალურ გვერდებზე. „სამართლიანი არჩევნების“ თანახმად, მსგავსად ნაწილდება “ლელოს” მიერ დახარჯული 21 747 აშშ დოლარზე მეტი.

“სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, მომდევნო ადგილზე დგას „პატრიოტთა ალიანსი“. ფეისბუკის პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკაში „პატრიოტთა ალიანსის“ ოფიციალურ გვერდის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მიერ განთავსებული სულ 9 რეკლამაა, რაზეც 1 910 აშშ დოლარია დახარჯული. ასევე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მხარდასაჭერად მედიის სახელით მოქმედ „დღეს პოლიტიკაში – Tinp.ge“ -ს 11 რეკლამისთვის, ჯამში, $2 753 აშშ დოლარი აქვს დახარჯული. აქედან $1000-$1 500 დაიხარჯა IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით ირმა ინაშვილის ბრიფინგის რეკლამირებისთვის.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, ფეისბუკის ბიბლიოთეკის მიხედვით, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ჯამში, $20 421-ზე მეტი დაიხარჯა. აქედან, გიორგი გახარიას გვერდის მიერ ჯამში $4 401 დაიხარჯა. „სამართლიანი არჩევნების“ თანახმად, ამ გვერდზე განთავსებული რეკლამების დეკლარაციაში თანხის გადამხდელად მითითებულია საქართველოს მთავრობის ვებ-საიტი gov.ge და მთავრობის კანცელარიის მისამართი. ხოლო კახა კალაძის რეკლამების ($1 874) დეკლარაციაში მითითებულია ვებ-საიტი kaladze.ge და თბილისის მერიის მისამართი. “სამართლიანი არჩევნების” ცნობით, პარტიის, მისი ლიდერების და კანდიდატების გვერდების გარდა, ოცნების მხარდამჭერ გვერდებს (Irakli Garibashvili 4 Georgia, 41 ჩემი არჩევანია, საინფორმაციო ბლოგი – Informative Blog, ჯარი) ჯამში 10 რეკლამა აქვთ განთავსებული და თითოეულ გვერდს 100 დოლარზე ნაკლები აქვს დახარჯული.

„სამართლიანი არჩევნების“ თანახმად, ამ დროისთვის, ჯამში, ბიბლიოთეკაში 4 607 რეკლამაა აღრიცხული. ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ არადეკლარირებული რეკლამების ნაწილი “ფეისბუქის” მიერ პოლიტიკურ რეკლამად იდენტიფიცირების გარეშე დარჩა, რის გამოც ამგვარი რეკლამების რაოდენობა და მათზე დახარჯული თანხის მოცულობა უცნობია.

საქართველოში „ფეისბუქის“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა 7 აგვისტოს ამოქმედდა. “სამართლიანი არჩევნების” მიხედვით, მონაცემები ბიბლიოთეკაში 7 წლის განმავლობაში ინახება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი