რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც, გერმანული მხარის ცნობით, მოწამლეს, კომიდან გამოსვლის შემდეგ, კლინიკიდან პირველ ფოტოს ავრცელებს.
“მენატრებით. ჯერ კიდევ მიჭირს მოქმედება, თუმცა გუშინ, მთელი დღე, დამოუკიდებლად ვსუნთქავდი. არანაირი დახმარება დამჭირვებია.” – წერს ის “ინსტაგრამის” პირად გვერდზე.
ალექსეი ნავალნი 19-დღიანი ხელოვნური კომის მდგომარეობიდან ეტაპობრივად გამოიყვანეს.
გერმანული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი “ნოვიჩოკის” მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს. საწამლავის კვალი ნავალნის ორგანიზმში აღმოაჩინეს გერმანიაში, ბუნდესვერის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად.
ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში, ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. მისი ოჯახი და თანაგუნდელები ექიმების განცხადებამდეც საუბრობდნენ სავარაუდო მოწამვლაზე.
ნავალნის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, 2 დღის განმავლობაში მას რუსეთიდან არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ოჯახის და მხარდამჭერების მოხოვნით, სპეციალური რეისის დანიშვნას გაუწიეს ორგანიზება.
22 აგვისტოს ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité-ში გადაიყვანეს. კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი მოწამლეს.