fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს

99

საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში სროლა იყო. ამის შესახებ ინფორმაცია რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა დაადასტურა.

მისივე თქმით, დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, „შვიდკაცა“ ნაკრების ყოფილი კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი.

თორნიკე გოგებაშვილი

„დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რამაზ ხარაზიშვილი. ის ფეხშია დაჭრილი. გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოხდა პოლიციის გამოძახება და რაგბის კავშირის ყველა თანამშრომელი თანამშრომლობს პოლიციასთან.“ – აღნიშნა თორნიკე გოგებაშვილმა.

კითხვაზე, რას მოჰყვა ინციდენტი, თორნიკე გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ მომხდარი სხდომასთან დაკავშირებული არ ყოფილა.

„ეს კაცი მოვიდა შემთხვევით. არანაირი კავშირი არ ჰქონია. სავარაუდოდ, ვიღაცასთან რაღაც პირადი დაპირისპირება ჰქონდა და ამ დაპირისპირებას შეესწრო აღნიშნული პირი. დანარჩენი მე თვითონაც არ ვიცი. ჭრილობა მიყენებული აქვს ფეხში და სავარაუდოდ, გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი. მიმდინარეობს გამოძიება.“ – განაცხადა თორნიკე გოგებაშვილმა.

მორაგბე, “შვიდკაცას” კაპიტნის რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მ.ბ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რ. ხ.-ს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.” – ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი