ანალიტიკაკრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ვინ არის პირი, ვინც რამიშვილს „სატელიტის კადრები“ მიაწოდა

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა დაასახელა პირი, ვისგანაც მიიღო „სატელიტის ფოტოები“, რომლის თანახმადაც გაუჩინარების მეორე დღეს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ იყო იმ ადგილას, სადაც იპოვეს.

ეს ვერსია პროკურატურის ვერსიას ეწინააღმდეგებოდა და ამძაფრებდა ეჭვს, რომ ბაჩალიაშვილი, შესაძლოა, მოეკლათ და მისი ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ მიეტანათ პოვნის ადგილას.

პროკურატურამ განაცხადა, რომ „სატელიტის ფოტოები“ „დილეტანტურად“ იყო გაყალბებული.

რამიშვილის წყაროს სახელია დავით ფურცხვანიძე, რომელიც, თავის მხრივ, საკუთარ წყაროს არც „ნეტგაზეთთან“ ასახელებს და ამბობს, რომ არც გამოძიებას დაუსახელებს.

ფურცხანიძე ასევე ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის საქმე „დიდი საქმის“ ნაწილია, რომელსაც იძიებს და რომელიც „ჯერჯერობით პროცესშია“. რა ვიცით მასზე?

„ის არის მზად, რომ ყველა კითხვას პასუხი გასცეს.“ – უთხრა ადვოკატმა რამიშვილმა ჟურნალისტებს 18 სექტემბერს. ამის შემდეგ მან კამერების წინ დაურეკა წყაროს, — ფურცხვანიძეს, „სპიკერზე“ ჩართო და ჰკითხა, იყო თუ არა მზად, პროკურატურისთვის ჩვენება მიეცა და დაედასტურებინა, რომ „სატელიტის ფოტოები“ მისგან მიიღო. კითხვაზე რამიშვილმა დადებითი პასუხი მიიღო.

„ამ წუთში რომ დამირეკონ, შეიძლება, ვერ გავცე პასუხი, მაგრამ მზადა ვარ.“ – უპასუხა პირმა, რომელიც, რამიშვილის თქმით, დავით ფურცხვანიძე იყო. მოგვიანებით, ფურცხვანიძემ დაადასტურა, რომ სწორედ ის იყო რამიშვილის წყარო.

ცოტა ხნით ადრე, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ რამიშვილის მიერ წარდგენილი „სატელიტის ფოტოები“ დილეტანტურად იყო გაყალბებული, რაც ექსპერტიზის დასკვნით დასტურდებოდა.

როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, „ვინაიდან თავიდანვე თვალსაჩინო იყო, რომ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე იყო მონტაჟის კვალი და გამოძიების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა“ და ექსპერტიზამაც „უტყუარად დადგინა აღნიშნული ფოტოების სიყალბე“, მოხდება სამართლებრივი რეაგირება, ვინაიდან:

სწორედ ამის შემდეგ დაასახელა ადვოკატმა რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას წყაროდ დავით ფურცხვანიძე. „ნეტგაზეთი“ მას რამიშვილისგან დამოუკიდებლად დაუკავშირდა და ჰკითხა, საიდან ჰქონდა რამიშვილისთვის მიწოდებული ფოტოები:

„არსებობს ხალხი, ვისაც ხელეწიფება სატელიტის ფოტოს მიღება… [ასეთები] არიან ჩემი პარტნიორები. მეგობრებიც, ამავდროულად. და იმათგან მივიღეთ“. კითხვაზე, არის თუ არა მზად, რომ ჟურნალისტებს ან გამოძიებას დაუსახელოს იმ პარტნიორების ვინაობა, ვისგანაც მიიღო ფოტოები, უპასუხა:

„სულაც არა. რატომ უნდა დავუსახელო პროკურატურას ჩემი კონფიდენციალური წყაროს სახელი და გვარი? თვითონ ინფორმაცია მოპოვებულია არაოფიციალურად, იმიტომ, რომ ოფიციალურად ასეთი ინფორმაცია მოიპოვება მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი წყაროები“.

ფურცხვანიძემ დაადასტურა, რომ საკუთარი ინიციატივით დაუკავშირდა მიხეილ რამიშვილს და დამატა: „მე მარტო მაგ საქმეს არ ვიძიებ, ეს არის ერთი ეპიზოდი და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩემი ინტერესიც ეპიზოდის გამოკვლევა იყო, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ეს არის მკვლელობა და არა თვითმკვლელობა“.

„ნეტგაზეთმა“ მას ჰკითხა, რა საქმეს იძიებდა: „ეს არის დიდი ფინანსური მაქინაციების ერთობლიობა, რომელშიც ბაჩალიაშვილის საქმე არის ერთ-ერთი ეპიზოდი“; კითხვაზე, რა გამოიკვლიეს და რისი თქმა შეუძლია ამ ეტაპზე, ფურცხვანიძემ უპასუხა, რომ გამოძიება „ჯერჯერობით პროცესშია“; მან ასევე განაცხადა, რომ ამ „საქმეს“ საკუთარი ინიციატივით, „ორგანიზაციის პროფილიდან გამომდინარე“ იძიებს.

დავით ფურცხვანიძემ დაადასტურა, რომ აღნიშნულ წყაროს ენდობოდა და რამიშვილისთვის გაგზავნილი ფოტოები მიაჩნია.

დღესვე პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ადვოკატის მიერ წარმოდგენილ პირველ ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი – „2020 Jul 19“, ჩატარებული ვიზუალური და გამოთვლითი კვლევების შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი შეუსაბამობები, რაც გამოიხატა შემდეგში“:

ზედა მარცხენა კუთხეში არსებული მცირედ გამჭვირვალე ღილაკების ქვეშ ფონი მკვეთრად განსხვავდება საერთო ფონისგან, კერძოდ, თუ მარცხენა ქვედა ღილაკის ფონი ასახავს სატელიტური ფოტოსთვის დამახასიათებელი წყლის გამოსახულებას, ღილაკის არეალის შემდგომ ეს ფონი სწორხაზოვნად გადადის ხმელეთის გამოსახულებაზე;

ასევე, ფოტოს ძირითად ფონთან შეუსაბამოა ზედა და ქვედა ორ ღილაკს შორის არსებული სივრცის გამოსახულება მის გასწვრივ აღბეჭდილ ხმელეთის გამოსახულებასთან;

ასევე, როგორც შეფერილობით, ასევე დეტალიზაციითაც განსხვავებულია ერთმანეთისაგან სურათის ძირითად ფონზე არსებული გამოსახულებები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სიმაღლიდან დანახულ დედამიწის სატელიტურ გამოსახულებას. ღილაკები დატანილია სხვა ფოტოსურათიდან;

ექსპერტიზის თანახმადვე, რამიშვილის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი „2020 Jul 22“, ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ:

ფოტოზე, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე შეინიშნება გაბუნდოვნებული გამოსახულება;

ქვედა ცენტრალურ ნაწილში შეინიშნება გამოსახულების გაბუნდოვნება, რაც სტანდარტულად რაიმე ვებგვერდის გახსნისას ეკრანის გადაღებით არ მიიღება და იგი შესრულებულია ფოტორედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;

აქედან გამომდინარე, მსგავსად პირველი ფოტოსი, აღნიშნული ფოტოსურათიც მიღებულია მონტაჟის გზით;

„ადვოკატის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათთან მიმართებაში განსხვავება შეინიშნება ქვედა მარცხენა კუთხეში არსებულ ციფრების კომბინაციაში, მარჯვენა ზედა კუთხეში ორი ღილაკის არარსებობაში, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე წარწერის ადგილზე და ქვედა ცენტრალურ ნაწილზე გამოსახულების გაბუნდოვნებაში.” – აცხადებს პროკურატურა.

ზემოჩამოთვლილ შეუსაბამობებთან დაკავშირებით, დავით ფურცხვანიძე აცხადებს: „როდესაც ვადარებთ ვაშლს და მსხალს, უპრიანი არ იქნება, რომ ვაშლი ვაშლს შევადაროთ?.. რატომ არ მოაქვთ თავიანთი მოპოვებული სატელიტური ფოტოები?“

საქართველოს პროკურატურას რამდენიმე კვირით ადრე გამოცხადებული აქვს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების ფარგლებში, მისი მანქანის აღმოჩენის ადგილის სატელიტით გადაღებული ფოტოების მოძიების მიზნით, მიმართა პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებს, ევროპოლს, ასევე კომპანიებს: Lald info, Digital globe, Skywatch, L3harris technologies, Eosda, Geocento limited, Orbit logic incorporated, Imagesatintl, Slingshotaerospace, Planet.com, European space imaging, Astro digital, ISI, Satellogic, Ursa space imaging, The European space agency, Lalndviwer, Spymesat, Airbus, Siis-ს.

„ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების, ევროპოლის და კომპანიების ნაწილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ არ გააჩნიათ გამოძიებისთვის საინტერესო დროის მონაკვეთში ხსენებული ტერიტორიის სატელიტით გადაღებული ფოტოები.“ – აცხადებდა პროკურატურა.

ამასთან, „ნეტგაზეთის“ კითხვას, რომ მისი არგუმენტი ვერ გამორიცხავს, არ ეწინააღმდეგება ფოტოს შესაძლო სიყალბეს, დავით ფურცხვანიძემ უპასუხა: „ამ დასკვნას ვინ აკეთებს? მე შემიძლია მოვიტანო საპირისპირო ექსპერტიზა, რომელიც იმას გააბათილებს… განცხადებას ისეთს გავაკეთებ ცოტა ხანში დამაჯერებელს, რომ ვერც ერთი პროკურატურა“…

ფურცხვანიძემ დაადასტურა იმ ცნობების ნაწილი, რაც მის შესახებ საძიებო სისტემებში იძებნება: ფურცხვანიძე არის „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის“ ხელმძღვანელი. კითხვაზე, სარგებლობს თუ არა „ანტიკრიზისული ცენტრის“ სერვისით ვინმე, ფურცხვანიძე პასუხობს:

„ჩვენ კარგა ხანია, ანტიტერორისტულ საქმიანობას ვიკვლევთ, ვიკვლევთ ყველაფერს, რაც უკავშირდება ძირითადად, დიდი რაოდენობის თანხის გათეთრებას. დიდი რაოდენობის თანხები, როგორც წესი, მიემართება უკანონო საქმიანობას… [ჩვენი სერვისით] სარგებლობენ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებები, მათ შორის, ისრაელი, უნგრეთი, ინგლისი და აშშ. დაფინანსების წყარო არის ჰონორარები და ა.შ. [ერთი სიტყვით] ფინანსურ მდგომარეობას არ ვუჩივით“.

ამავე დროს, ფურცხვანიძემ დაადასტურა, რომ ორგანიზაცია Europe Studies Labor (ESL) Georgia-ს (ESLG) დამფუძნებელია. ამ ორგანიზაციას გამოცემული აქვს წიგნი ვლადიმირ პუტინის შესახებ — „ვლადიმერ პუტინი – თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი“. წიგნის ავტორი, მისი თქმით, ბანგლადეშელი მწერალია.

ფურცხვანიძემ დაადასტურა, რომ ეს წიგნი მისმა ორგანიზაციამ დაარედაქტირა და გამოსცა, თუმცა თქვა: „არა მხოლოდ – იქ არის ტრამპის, სი ძინპინის… ეს არის პროექტები წიგნებისა – მსოფლიოს გამორჩეული ლიდერები“.

კითხვაზე, ეს წიგნი ვისი ინიციატივით დაიწერა, თქვა: „ჩვენ რედაქტირება გავაკეთეთ, თანაც ეს ბანგლადეშელმა მწერალმა თვითონ მოგვმართა, და მოხდა ინტერესთა თანაკვეთა, რადგან ჩვენ ისედაც გვინდოდა… ახლა შეკვეთილია სხვა ლიდერებზე და ისინიც მზადების პროცესშია“.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, დავით ფურცხვანიძე რამდენჯერმე ჰყავს ციტირებული გამოცემა News Front Georgia-ს, რომელიც, MDF-ის „მითების ლაბორატორიის“ თანახმად, კრემლთან აფილირებული გამოცემაა.

როგორც „მითების ლაბორატორიის“ დოსიედან ვგებულობთ, 2012 წლის სტატიაში, პრორუსულ გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“-ს, დავით ფურცხვანიძე რუსეთში მოღვაწე ექსპერტად ჰყავს მოხსენიებული და გამოქვეყნებული აქვს მასთან ინტერვიუ საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით; ამასთან, ფურცხვანიძეს 2014 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული კრემლთან დაკავშირებული „ევრაზიული კვლევის ინსტიტუტის“ და გორჩაკოვის ფონდის მიერ გამართულ მრგვალ მაგიდაში; 2018 წელს კი, იგი „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში ამბობდა, რომ მამა-შვილი სკრიპალები „ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს“ და აცხადებდა, რომ „დასავლეთი საქართველოს პატრიარქის მცდელობებს ბლოკავს, რაც რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ისახავს მიზნად.“

მსგავსი პოსტები

Back to top button