მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

„სალამი“ გვარების რუსული დაბოლოებების შეცვლის უფლებით, სასამართლოს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სალამმა“, გვარების რუსული დაბოლოებების შეცვლისთვის, იუსტიციის სამინისტროს მიმართა და პასუხის მოლოდინშია. პლატფორმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ელნურ ალისოიმ იცის, რომ სამინისტროსგან დადებით პასუხს ვერ მიიღებს, თუმცა ოფიციალური უარი მისთვის სასამართლოში დავის გაგრძელების საფუძველი გახდება.

„ჩვენი გუნდიდან იუსტიციაში სამნი მივედით, შევიტანეთ განაცხადი. უბრალოდ, ძალიან საინტერესოა და ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ის, რომ სისტემაში არის სიცარიელე. კანონმდებლობა არ გვაძლევს მაგის საშუალებას, რომ გვარი შევცვალოთ და ბიუროკრატიული დაბრკოლებებია. თვითონ იუსტიციის სახლში არ იციან, როგორ მოიქცნენ ასეთ შემთხვევებში. მაგალითად, ჩვენ, სამნი რომ მივედით, ერთი მიიღეს, როგორც გვარის რედაქტირების პრინციპით, ორი მიგვიღეს გვარის შეცვლის პრინციპით. ესენი ცალ-ცალკე პროცესებია და თვითონაც ვერ მიხვდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. კანონმდებლობაში რადგან არ არის გათვალისწინებული რასაც ჩვენ ვითხოვთ, მაგიტომ მოგვივა უარი. უბრალოდ, ველოდებით იურიდიულ ვადას, რომ გავასაჩივროთ და მერე უკვე გადავიდეთ სასამართლოში, რათა გავაგრძელოთ პროცესი.“ – თქვა ელნურმა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროში მის გუნდს სამინისტროს გარე კადრების გადაღების უფლებაც კი არ მისცეს.

საქართველოს მოქალაქე ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა რამდენიმე თვის წინ, სოციალურ ქსელში პლატფორმა „სალამის“ ახალი კამპანია #გვარიდამიბრუნე წამოიწყეს და საკუთარი გვარების რუსული დაბოლოების აზერბაიჯანულით შეცვლა დაიწყეს. ელნურ ალიევი – (ელნურ ალისოი) გულგუნ მემედხანოვა – (გულგუნ მამედლი) – სწორედ ასე გადააკეთეს პლატფორმის სხვა წევრებმაც საკუთარ ფეისბუკის გვერდზე სახელი და გვარები.

https://www.facebook.com/SalamGeorgia/posts/300682351346493

ელნურ ალისოი

„წინა საუკუნის 20-იან წლებში, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მძიმე რეპრესიების ფონზე, საბჭოელებმა გადაწყვიტეს, რომ გვარების სისტემატიზაცია უნდა გაეკეთებინათ. სინამდვილეში, ეგ იყო გვარების ოკუპაცია, რუსიფიცირება. ეგ იყო ძალდატანება და არა მოსახლეობის სურვილი. მართალია, მანამდე იურიდიულად გვარები არ იწერებოდა, მაგრამ ტრადიციულად, გვარის ფუნქციად იყენებდნენ ოჯახის, საგვარეულოს, ან თემის სახელს და საბჭოელებმა, სისტემატიზაციისთვის, რაღაც ცვლილეები რომ შეიტანეს, ზუსტად ეგ აიღეს საფუძვლად და დაგვიმატეს ზევიდან რუსული გვარის დაბოლოებები, რაზეც ჩვენ ახლა ვამბობთ უარს.“ – ამბობს ელნურ ალისოი.

სალამის წევრები იუსტიციის სამინიტროსგან ოფიციალურ უარს დაახლოებით ერთ თვეში ელოდებიან, რის შემდეგაც იბრძოლებენ აზერბაიჯანული გვარებიდან რუსული გავლენის მოსახსნელად.

https://www.facebook.com/SalamGeorgia/posts/308421810572547

წყარო: რადიო მარნეული

მსგავსი პოსტები

Back to top button