კრიმინალიკრიმინალიმნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

„ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტს თავს დაესხნენ

„სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია”-ს აქტივისტ ლაშა ცუცქირიძეს, თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე შტაბიდან გამოსვლის შემდეგ, ორი ნიღბიანი ადამიანი თავს დაესხა.

როგორც ზვიად კუპრავამ „ტვ პირველის” ეთერში თქვა, ლაშა ცუცქირიძე, მეუღლესთან და დასთან ერთად, შტაბიდან სახლში ავტომანქანით გაემართა.

ლაშა ცუცქირიძე

„როგორც კი სახლთან მანქანა გააჩერა და მანქანიდან გადმოვიდა, მას მყისიერად დაესხა თავს ორი ნიღბიანი პირი. სავარაუდოდ (მე როგორც ლაშამ მითხრა), მათ ხელზე კასტეტები ეკეთათ. ლაშა არის აბსოლუტურად უმოწყალოდ ნაცემი. ეს იყო თავდასხმა ლაშა ცუცქირიძეზე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელზე.” – ამბობს ზვიად კუპრავა. ის თავდასხმას ხელისუფლების ხელწერად მიიჩნევს.

მიმდინარე წლის 27 თებერვალს, საკუთარ სახლთან, ზვიად კუპრავას დაესხნენ თავს. „შემომასხეს სახეში გაურკვეველი ნივთიერება. დამწვა სახე, რა თქმა უნდა, თვალები დავხუჭე. ამის შემდეგ, სახის არეში ფეხებით დამიწყეს დარტყმა.” – ამბობდა კუპრავა კლინიკაში გადაყვანამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლაშა ცუცქირიძის ცემის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ჯგუფური ძალადობა).

მსგავსი პოსტები

Back to top button