Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მინსკში სოლიდარობის ქალთა მსვლელობის დროს დემონსტრანტები დააკავეს

„გვჯერა, რომ შეგვიძლია, ჩვენ გავიმარჯვებთ“

143

ბელარუსის დედაქალაქში 19 სექტემბერს გამართული მსვლელობა მიეძღვნა თეთრ-წითელ დროშას, რომელიც სახელმწიფო სიმბოლოდ 1991 წლის 19 სექტემბერს აღადგინეს.

დემონსტრაციის დროს, ათეულობით პირი დააკავეს. სპეცდანიშნულების რაზმელებს ავტომანქანებში ადგილები არ ეყოთ, რათა ყველა დაკავებული გადაეყვანათ.

ასეულობით მონაწილემ, უპირატესად ქალებმა, მინსკის ცენტრში გაიარეს. მათ ხელში ეკავათ თეთრ-წითელი სიმბოლოები და პლაკატები, წარწერით „SOS“. გამოსვლის მონაწილეები გაიძახოდნენ ლოზუნგებს: „მადლობა ჟურნალისტებს“, „გვჯერა, რომ შეგვიძლია, ჩვენ გავიმარჯვებთ“.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, მსვლელობაში არანაკლებ ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

მსვლელობას გზად მისდევდა და მხარს უჭერდა ავტომანქანების და ბაიკერების ჯგუფები. აქციის მონაწილეებს აივნებიდან მიესალმებოდა მინსკის მოსახლეობა. დემონსტრაციას სპეცრაზმმა გზა გადაუკეტა და დაიწყო მონაწილეთა დაკავება. დაკავებულთა შორის აღმოჩნდა 73 წლის ქალი, ნინა ბაგინსკაია, რომელიც შემდგომ გაუშვეს.

დაკავებულთა რაოდენობის შესახებ იტყობინებიან, რომ მათი რიცხვი 200-დან 250-მდეა. უფლებადამცველმა ცენტრმა, „ვიასნამ“ თითქმის 160 დაკავებულის სია გამოაქვეყნა.

კვირას, 20 სექტემბრისთვის დაგეგმილია სოლიდარობის ახალი მსვლელობა. ტრადიციულად, კვირის აქციაზე ასეულობით ათასი ადამიანი იყრის ხოლმე თავს.

ბელარუსის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს შემდეგ დაიწყო, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურ გამარჯვებულად, პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა. ამას ბელარუსის ოპოზიცია არ ეთანხმება და მრავალათასიან მომხრეებთან ერთად, აქციებს მართავს ლუკაშენკოს გადადგომის და ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით. ისინი თვლიან, რომ კენჭისყრა გაყალბებული იყო.

დასავლეთის ქვეყნები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. მათ, ასევე გაერომ და ევროკავშირმა, დაგმეს ბელარუსის ხელისუფლების ქმედება, – ძალით დემონსტრაციების ჩახშობა, ათასობით მონაწილის დაკავება, ოპოზიციის წარმომადგენლების დაპატიმრება და მათი იძულება, დატოვონ ქვეყანა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი