fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ლევან მუხუზლა: რთველი პიკურ ფაზაშია და ყველა მევენახეს ეძლევა ყურძნის დაბინავების შესაძლებლობა

სარეკლამო მასალა, დამკვეთი: საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
206

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია  145 ათასი ტონა ყურძენი: 108 ათასი ტონა რქაწითელი,  31 ათასი ტონა საფერავი, 2,3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

სააგენტოს თავმჯდომარის და რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის ლევან მეხუზლას განმარტებით, ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 13 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ პერიოდშია. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 80-მდე ღვინის საწარმო.

ლევან მუხუზლა

ბატონო ლევან, რთველი პიკურ ფაზაშია გადასული ყველაზე მეტი ყურძენი რომელ მუნიციპალიტეტშია მოკრეფილი?

დიდი რაოდენობით ყურძენი დაიკრიფა გურჯაანის მუნიციპალიტეტში – 48 ათას ტონამდე, შემდეგ მოდის: ყვარელი – 32 ათასი ტონა, თელავი – 21,5 ათასი ტონა, სიღნაღი – 19 ათასი ტონა, ლაგოდეხი -10,7 ათასი ტონა, ახმეტა – 6,1 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 6 ათასი ტონა და საგარეჯო – 2 ათასი ტონა. ამჟამად მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

ქარხნებთან რიგებია და ეს ხელს ხომ არ შეუშლის მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პროცესში ?

რთველის პიკურ პერიოდში, თანმდევი პროცესია რიგები. კიდევ ერთი კვირა ყველაზე აქტიური პერიოდი იქნება. ყოველდღიურად, სავარაუდოდ,  10-13 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება მოხდება, რასაც  საკმაოდ დიდი საწარმოო სიმძლავრეები სჭირდება. წელს, რთველში ასამდე კომპანიაა ჩართული. მიუხედავად ამისა, ტექნიკური პროცესების გამო, ყურძნის ჩასაბარებლად მანქანებს რამდენიმე საათი დაყოვნება უწევთ.  მანქანების ის  ნაკადი, რომელიც საღამოს ღვინის ქარხნებთანაა, მეორე დილამდე უკვე დაცლილია. ჩვენ გვახსოვს, წლების წინ,  რთველის დროს სამი-ოთხი დღის განმავლობაში იდგნენ მევენახეები რიგებში, ამასთან ისიც არ იცოდნენ  საერთოდ ჩააბარებდნენ და  მიიღებდნენ თუ არა თავისი შრომის ანაზღაურებას. ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლოსთვის, კახეთში წარმოებული ყურძნის ძირითადი ნაწილი გადამუშავებული იქნება. საკოორდინაციო შტაბი სრულადაა მობილიზებული. დღე-ღამეში ასეთი ოდენობის ყურძნის გადამუშავება ნიშნავს რამდენიმე ათასი დატვირთული სატვირთო მანქანის მიღებას. ეს საკმაოდ მასშტაბური პროცესია, რომელსაც სჭირდება კარგი კოორდინაცია და კონტროლი, რისთვისაც სამინისტროს ყველა შესაბამისი რგოლი, რთველის საკოორდინაციო შტაბი და რეგიონის ხელმძღვანელობა მობილიზებულია. რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე ჩაივლის  და ყველა მევენახეს  ყურძნის დაბინავების შესაძლებლობა ექნება.

აქვს თუ არა ყველა პირობა მევენახეს ყურძნის რეალიზაციისთვის და რას აკეთებს ამისთვის სახელმწიფო?

უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც მეღვინეობა-მევენახეობის სექტორს დაუდგა პანდემიის პირობებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მევენახეებმა ყურძენი უპრობლემოდ ჩააბარონ და მიიღონ ანაზღაურება. ჩვენთვის მთავარია, მევენახე ფერმერებს წარმოებული ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეთ და, ამავდროულად, შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ. ამისთვის, საჭიროა ყველა რგოლის კონსოლიდირება, მათ შორის, ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია. მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც პანდემიამ შექმნა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს. სახელმწიფომ შექმნა ყველა მექანიზმი, რომ რთველმა წელსაც წარმატებით ჩაიაროს.

რამდენია სუბსიდია და რა შეღავათს მისცემს მევენახეს?

ბოლო წლების განმავლობაში, რთველი სუბსიდიის გარეშე წარმატებით ტარდებოდა. კორონავირუსის პანდემიამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა და ღვინის ინდუსტრია დააზარალა. მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, დაახლოებით 20 ათასამდე მევენახეს ყურძნის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ ათეულობით კომპანიას ყურძნის შესყიდვის შესაძლებლობას მისცემს. მიმდინარე წელს, ჩOVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ  ღვინის ისკომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში   ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი.

ამ დროისთვის რამდენი კომპანიაა ჩართული რთველის პროცესში?

ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 300-მდე კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართული იყო 100-ზე მეტი ღვინის საწარმო. დანარჩენი ღვინის კომპანიები რთველის პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ „რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი  განთავსებულია თელავში (ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა დაინტერესებულ პირს, რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 შეუძლია.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი