მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“ის განვითარებით 4-5 წლის ბავშვს უტოლდება, ჩემს გარეშე არაფერი შეუძლია” – ძალადობაში ბრალდებულის დედა

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული შშმ პირის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა.

ოჯახის წევრები, ახლობლები და ადგილობრივი მოსახლეობა, 32 წლის მამაკაცის განთავისუფლებას მოითხოვს, რომელსაც გამოძიება ამერიკის მოქალაქეზე, სექსუალურ ძალადობას ედავება.

ბრალდების ვერსიით, 2020წლის 19 სექტემბერს, ბაწარას ხეობაში მყოფი მამაკაცი, ამერიკელ ტურისტ ქალს დაემგზავრა და მასზე ძალადობა სცადა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და მას საკუთარი მოქმედებების გაცნობიერების უნარი არ აქვს.

“ის განვითარებით ოთხი, ხუთი წლის ასაკის ბავშვს უტოლდება და ჩემს გარეშე არაფერი შეუძლია. როგორ მოკიდეს ხელი, არ ვიცი. სასამართლოზეც ცუდად გახდა, კრუნჩხვის შეტევა დაემართა. აქ ინვალიდთა სპეციალური სკოლაა და იქ დადის. რამე რომ დაემართოს, არავის ვაპატიებ”, – განაცხადა რადიო “ჰერეთთან” ბრალდებულის დედამ ეთერ ცათიაშვილმა.

სოფელ ჯოყოლოს უბნის ექიმი, ქეთევან ფარეულიძე ადასტურებს, რომ ბრალდებულ პირს გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზი აქვს და 5 თვის ასაკიდან ავადმყოფობს.

“მას გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზი აქვს. 5თვის ასაკიდან ავადმყოფობს. ბავშვის დონეზეა განვითარებული. დედის გარეშე, დაბანაც არ შეუძლია”, – განაცხადა ფარეულიძემ.

აქციაზე იმყოფებოდა, ახმეტის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ვალერი თურქიაშვილი, რომელიც ოჯახს დახმარებას დაჰპირდა.

შეგახსენებთ, 32 წლის შშმ პირს გამოძიება 2020წლის 19 სექტემბერს, ბაწარას ხეობაში, ამერიკელ ტურისტ ქალზე სხვაგვარ სექსუალურ ძალადობას ედავება.

თელავის რაიონულმა სასამართლომ 23 სექტემბერს დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულის ადვოკატი, ლალი ცაველაშვილი, შშმ პირისათვის 5000 ლარიან გირაოს ითხოვდა.

საქმეზე ფსიქიატრიული ექსპერტიზა უკვე დანიშნულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button