Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

რას პირდება ქადაგიშვილი ლაგოდეხს, რომლის კამპანიაში საჯარო პირები მონაწილეობენ

621

თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატის ირაკლი ქადაგიშვილის შეხვედრას ქ.ლაგოდეხში სსიპ და ააიპ-ების, საბავშვო ბაღების აღმზრდელები და თანამშრომლები დაესწრნენ.

შეხვედრა ლაგოდეხში იმ დროს ჩატარდა, როცა მუნიციპალიტეტში სამუშაო საათები იყო.

ქადაგიშვილმა და “ოცნების” შტაბის წარმომადგენლემა ამომრჩეველს პარტიის ლოგოტიპიანი მაისურები დაურიგეს და სახელდახელოდ მიტანილი აუდიოგამაძლიერებლებით მიმართეს.

საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების გარდა, შეხვედრაზე რიგითი მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.

ლაგოდეხში ჭავჭავაძის ქუჩაზე შეხვედრას 30-მდე ადგილობრივი ესწრებოდა.

რადიო ჰერეთთან ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა,ლაგოდეხის მოქმედმა მერმა ჯონდო მდივნიშვილმა განაცხადა, რომ სსიპ-ები მუნიციპალიტეტს არ ყავს, რაც შეეხება საბავშვო ბაღებს,ისინი არ მუშაობენ.

მოქმედ მერს დაავიწყდა, რომ საბავშვო ბაღების ადმინისტრაციებმა მუშაობა ოფიციალურად 15 სექტემბრიდან განაახლეს.

კითხვაზე,თუ რატომ ესწრებოდა შეხვედრას ამომრჩეველთა მცირე რაოდენობა ქადაგიშვილთან შეხვედრას, მდივნიშვილი ჰერეთს უთხრა, რომ მისი შტაბი დაახლოებით 30-ე შეხვედრას ატარებს და შტაბის თანამშრომლები ლაგოდეხში ყველა ქუჩის მაცხოვრებლამდე მიიტანენ თავის სათქმელს.

რადიო ჰერეთთან, ადგილობრივები პრობლემებზე საუბრობენ მათთვის განსაკუთრებით მტკივნეულია წყლის პრობლემაა. რაზეც ქადაგიშვილმა პასუხისმგებლობა მოიხსნა და ამომრჩეველი სემეკისკენ გადაამისამართა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ წყლის ფასს არეგულირებს სემეკი და მის კომპეტენციაში ვერ ჩაერევა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას იმ პროგრესზე ესაუბრა, რაც მისი გუბერნატორობის პერიოდში განხორციელდა. მაგალითად მან მნიშვნელოვან დამსახურებად ის ინფრასტრუქტურული პროექტები მოიყვანა, რომელიც მისი სახელმწიფო რწუმუნებულის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში განახორციელა.

დაპირებებიც გასცა, ისაუბრა პენსიების მომატებაზე, მასწავლებელთა დამსახურებულ ხელფასზე, ინფრასრტუქტურულ პროექტებზე. ქადაგიშვილმა აღნიშნა რომ სოფელ აფენში 9 მილიონიანი პროექტის განხორციელება დაიწყება.

მან განაცხადა, რომ ტურისტული მიმართულება ლაგოდეხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ კუთხით მიდისაქტიური მუშაობა, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც და მაგალითად მოიყვანა ფერმერთა დახმარების სახელმწიფო პროგრამა პანდებიის პირობებში.

შეხვედრაზე, მიმართვის დღის წესრიგში მედიაკრიტიკითაც დაკავდა, ისაუბრა როგორი არ უნდა იყოს “ფეიკნიუსებით” მოსარგებლე მედიასაშუალებები.

მოუსმინეთ ირაკლი ქადაგიშვილის ხმას

კახეთის რეგიონში Edison Research-ის კვლევის მიხედვით, ირაკლი ქადაგიშვილს მაღალი შედეგი აქვს, ოპოზიციური პარტიებიდან მაჟორიტარ კანდიდატებს კი შედარებით დაბალი რეიტინგი აქვთ.

კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას თელავის, ყვარელის და ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

ირაკლი ქადაგიშვილი, ქართული ოცნება – 44%;
გიორგი ბოტკოველი, ენმ – 41%;
ზურაბ ჭიაბერაშვილი, ევროპული საქართველო – 13%;
სხვა კანდიდატი – 2%;

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას გუჯაანის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

დავით სონღულაშვილი, ქართული ოცნება – 62%;

გიორგი ღვინიაშვილი, ევროპული საქართველო – 18%;

ლევან ბეჟაშვილი, ენმ – 15%;

ეკა ქვლივიძე, ლელო – 3%;

სხვა კანდიდატი – 2%;

კვლევა 25 აგვისტო – 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.0%-ია.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი