მნიშვნელოვანიმსოფლიო

ყარაბაღში, აზერბაიჯანული ტექნიკის განადგურების ახალი კადრები

სომხეთის განცხადებით, ყარაბაღში, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან დასახლებული პუნქტების დაბომბვის შედეგად, ორი მოქალაქე დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა, მათ შორის, ქალები და ბავშვები. ამის შესახებ, ყარაბაღის ომბუდსმენის ოფისი იტყობინება.

ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ესვრის მშვიდობიან მოსახლეობას, რაც „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა“.

დღესვე, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ყარაბაღში აზერბაიჯანული ტექნიკის განადგურების კადრები
იხილეთ ვიდეო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ფრონტის ხაზზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას მიმართა.

მისი განცხადებით, 27 სექტემბრის დილას, სომხეთმა დასახლებული პუნქტები და აზერბაიჯანის არმიის პოზიციები დაბომბა. პრეზიდენტის თქმით, მტრის ცეცხლის შედეგად, მშვიდობიან მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები.

„მათი სისხლის გამო შურს ვიძიებთ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა და თქვა, რომ თავდასხმის შედეგად განადგურებულია მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკის დიდი რაოდენობა“.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა იუწყება მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედრო მოსამსახურეებში დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ.

უწყების ცნობით, ინტენსიური დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები შემდეგ სოფლებში:

გაპანლი, ტერტერის რაიონი,

ჩირაგლი და ორთა გერვენდი – აღდამის რაიონი,

ალხანლი და შუქურბეილი – ფიზულის რაიონი,

ჯოჯუგ მარჯანლი – ჯებრაილის რაიონი.

სერიოზულად დაზიანებულია სახლები და სამოქალაქო იბოექტები.

ამავდროულად, მოსკოვმა არსებული ვითარება ერევანთან განიხილა, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი სომხეთი დაადანაშაულა და აზერბაიჯანს დაუჭირა მხარი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზოგრაბ მნაცაკანიანთან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილა, სადაც 27 სექტემბრის დილას, მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.

ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს შუამავლობის ძალისხმევას მთიან ყარაბაღში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.

თითქმის იმავდროულად, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავებაზე პასუხისმგებელი სომხეთია და აზერბაიჯანს მხარდაჭერას დაპირდა.

დღეს 27 სექტემბერს დილიდან მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა, არაიკ არუთუნიანმა საომარი მდგომარეობა და 18 წელზე უფროსი ასაკის პირთა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ არ ვართ ომის მომხრეები, მაგრამ მზად ვართ ამისთვის. ჩვენზე მეტად არავინ არის მშვიდობის მომხრე და არავის ჩვენზე მეტად არ უყვარს მშვიდობა. ომი არ გვინდოდა, ის თავს მოგვახვიეს და ვალდებული ვართ დავიცვათ ჩვენი სამშობლო და ოჯახები. ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, რომელიც რეგიონს ემუქრება, პასუხი პირადად აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს მოეთხოვება“, – განაცხადა არუთუნიანმა.

2020 წლის 27 სექტემბერის დილას, ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. პრესრელიზი გამოაქვეყნა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, რომელშიც ნათქვამია:

„სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მოქმედებების აღსაკვეთად და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აზერბაიჯანის არმიის ხელმძღვანელობამ მთელი ფრონტის გასწვრივ, კონტრშეტევითი ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქმედებაში ჩართულია პირადი შემადგენლობა, სატანკო ქვედანაყოფები, სარაკეტო-საარტილერიო შენაერთების, საბრძოლო ავიაციისა და უპილოტო საფრენი აპარატების მხარდაჭერით.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ „ელვისებური კონტრშეტევითი ოპერაციის“ შესახებ განაცხადა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებების დიდი ხნის წინ დაგეგმვაში დაადანაშაულა. „ნებისმიერმა, ვინც საბაზისო სამხედრო ცოდნას ფლობს, იცის, რომ კონტრშეტევის დაგეგმვას კვირები სჭირდება. აზერბაიჯანმა კი მაშინვე ოფიციალურად განაცხადა „კონტრშეტევის“ შესახებ. ესკალაციის შესახებ გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე წუთში, აზერბაიჯანულმა და თურქულმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს მასალები ფრონტის წინა ხაზიდან, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პროვოკაცია აზერბაიჯანის პროვოცირებულია და დიდი ხნის წინ არის დაგეგმილი“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „არცახის თავდაცვის სამინისტრო წარმატებით უმკლავდება თავდასხმას“ და მოუწოდა ყველას, ენდონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს“.

გუშინ, 26 სექტემბერს, სომხეთსა და აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოების ვებგვერდებზე, ამერიკის მოქალაქეებისთვის Security Alert გამოქვეყნდა საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხის გამო. სომხეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს რეკომენდაცია მიეცათ, არ წავიდნენ ტავუშსა და ყარაბაღში. აზერბაიჯანში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს კი ურჩიეს, არ დატოვონ აფშერონის ნახევარკუნძული.

მასალაში გამოყენებული ფოტო – მოვლენების ადგილიდან თურქული არხის, TRT-ის ჩართვის ამსახველი ფოტო. წყარო 

მსგავსი პოსტები

Back to top button