მნიშვნელოვანისიახლეებისპორტი

დინამო თბილისი ბოდიშს იხდის

დინამო თბილისი ბოდიშს იხდის.

შესაბამისი განცხადება, გუნდის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

“გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ დინამო თბილისის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას. რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და დინამოს ბავშთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება, ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“ ფარერის კუნძულების „ჩემპიონ“ „კლაკსვიკთან“ ანგარიშით 1:6 დამარცხდა, რასაც საზოგადოების გაღიზიანება მოყვა.

პროტესტის ნიშნად სოციალურ ქსელში შეიქმნა გვერდი სახელწოდებით, “დატოვოს რომან ფიფიამ თბილისის დინამო”.

გუნდის წაგებას, სამარცხვინო უწოდა თბილისის მოქმედმა მერმა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ.

“ამხელა ისტორიის მქონე გუნდი ამხელა ანგარიშით აგებს, ეს არის სამარცხვინო. მე არ ვიცი, ფეხბურთელებს, ვინც ამ გუნდში თამაშობს, რა დამოკიდებულება აქვთ – ან ისტორიას გადახედონ, ან ვინ თამაშობდა ამ კლუბში, რომელი ფეხბურთელები! ცოტა სხვა მიდგომებია საჭირო, სხვა დამოკიდებულებები. თან მხოლოდ “თბილისის დინამო” ხომ არ არის?! ქვეყანას წარმოადგენ და პირველი გუნდი ხარ საქართველოში. არ ვიცი… რომან ფიფიასთან პიროვნულად არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და ფეხბურთიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ძალიან სუსტი მენეჯერია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button