პოლონეთში კორონავირუსით დაღუპულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
პოლონეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 58 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პოლონეთში, გასული დღე ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 2 236 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ბოლო კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად მოიმატა ჰოსპიტალიზებული, მათ შორის რეანიმაციულ განყოფილებებში გადაყვანილი, პაციენტების რაოდენობამ. კერძოდ, ამჟამად საავადმყოფოებში 3 719 პაციენტს მკურნალობენ, მათ შორის 263 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, წინა კვირას კი ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა 2 399 იყო და აპარატზე 141 მათგანი იყო მიერთებული.
„საავადმყოფოებში მკურნალობას უფრო მეტი და მეტი ადამიანი საჭიროებს, ასევე უფრო მეტი ადამიანი ხვდება რეანიმაციულ განყოფილებებში, ვინაიდან მათ ხელოვნური სუნთქვის აპარატი ესაჭიროებათ. ეს ძალიან შემაშფოთებელია,“- განაცხადა პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალდემარ კრასკამ.
Reuters-ი წერს, რომ პოლონეთი პირველ ეტაპზე კორონავირუსს წარმატებით უმკლავდებოდა, თუმცა ქვეყანამ კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები მაისში გააუქმა და იმ პერიოდიდან ინფიცირების შემთხვევების ზრდა დაიწყო.
ბოლო მონაცემებით, პოლონეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 104 316 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 74 158 და დაღუპულია 2 717 ადამიანი.