
დასაქმებულები მსოფლიოს მასშტაბით, რომლებმაც მარტის შემდეგ, პანდემიის პირობებში, სახლიდან დისტანციურად მუშაობა დაიწყეს და კლასიკური შარვლები და პიჯაკები ე.წ. სახლში ჩასაცმელი სპორტულებითა და უბრალო მაისურებით ჩაანაცვლეს, მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ცვლილებამ არ გაამართლა. ამ თემას The Wall Street Journal-მა სტატია მიუძღვნა.
უფრო კონკრეტულად კი, ჩაცმულობამ განწყობაზე იმოქმედა და ადამიანები ნაკლებად პროდუქტიულები გახდნენ სამსახურში. ამიტომაც უმრავლესობამ მიდგომები შეცვალა და ისევ ძველი სამუშაო სტილზე დაბრუნება დაიწყო. ასე მაგალითად, დილით რომ გაიღვიძებენ, მოირგებენ სამუშაო სტილს, ქალების შემთხვევაში წესრიგდება თმაც და მაკიაჟიც და მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ, იწყება მუშაობა. აღმოჩნდა, რომ ამ მიმართულებით, ნამდვილი მეცნიერებაც კი არსებობს, რომელიც ჩაცმულობასა და ტვინს შორის აქტივობა/პროდუქტიულობის კავშირს იკვლევს. შედეგად, უკვე წლებია დადგენილი ფაქტია, რომ აკადემიური ჩაცმის სტილი აუმჯობესებს მუშაობის განწყობასაც და ხარისხსაც.
პანდემიის დროს ამ მეცნიერებამ სხვა მიმართულებაც შეიძინა და მაგალითად სწავლობენ, თუ რა გავლენას ახდენს ჩაცმულობა დისტანციური მუშაობის პირობებში, Zoom-ით გამართულ შეხვედრებზე და თანამშრომლებთან დამოკიდებულება/კომუნიკაციაზე.
“სამოსმა, რომელსაც თქვენ ატარებთ, შესაძლოა, უფრო დიდი გავლენა იქონიოს და იყოს მნიშვნელოვანი მესიჯი, როგორც ჩვენი ქვეცნობიერისთვის, ასევე ირგვლივ მყოფებისთვის”, – ამბობს მკვლევარი, რომელიც წლებია ამ საკითხზე მუშაობს,
დღეს კი კოლუმბიის ბიზნეს-სკოლის ორ დოქტორანტთან ერთად იკვლევს ფენომენებს, რომელიც გულისხმობს Zoom-შეხვედრების დროს წელს ზემოთ აკადემიურ, წელს ქვევით კი, უბრალო ტანსაცმლის ტარებას და მის კავშირს ადამიანის გონება/საქმიანობასთან.
იწვევს თუ არა ეს დუალისტური ჩაცმულობა ადამიანის თვითშეფასების დაქვეითებას, თუ პირიქით მოტივაციაა, რომ უმნიშვნელო, თუმცა მაინც საიდუმლო აქვს საკუთარ თავთან, რაც სხვამ არ იცის ან ვერ ხედავს ეკრანზე – ამ კითხვებზე დადასტურებული პასუხი კარგია თუ ცუდი, ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ფაქტია, რომ ხარისხიანად შრომისთვის, რაც გჭირდებათ არის, რომ ჩაიცვათ სამოსი, რომელიც სამუშაო რეჟიმის განცდას იწვევს ადამიანში და არ აქვს მნიშვნელობა გეკეთებათ ჰალსტუხი, თუ იქნებით წარმოდგენილი ჰუდით, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება წარმატებას და ამის მაგალითად შეგვიძლია, Facebook-ის დამფუძნებელი მოვიყვანოთ, რომელიც ოფისში სპორტული ტანსაცმლით დადიოდა, რასაც ხელი არ შეუშლია მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანებს შორის მოხვედრილიყო. ამიტომაც დაასკვნეს, რომ მთავარია ის სტილი, რასაც მოირგებთ ასოცირდებოდეს სამუშაო გარემოსთან და პროდუქტიულობა და სამუშაო განწყობა სახლიდანაც და სანაპიროდანაც, თავის ადგილზე დარჩება.