fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ტურისტული მიზნით ვეღარ წავა

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ საქართველო რისკ ქვეყნების სიაში შეიყვანა.

973

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ საქართველო რისკ ქვეყნების სიაში შეიყვანა და სამოგზაურო შეზღუდვებიც დააწესა. შეზღუდვები ძალაში 2020 წლის 9 ოქტომბრის 00.00 საათიდან შედის.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოდან შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, შემდეგი პირებისთვის:

ჯანდაცვის პერსონალი,
მომვლელები,
კვალიფიციური მუშა-ხელი,
სეზონურად დასაქმებულნი,
სატრანსპორტო საშუალებებში დასაქმებულნი,
სტუდენტები ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განათლების მიმღებნი, რომელთა სწავლება უცხოეთიდან სრულყოფილად არ არის შესაძლებელი.
გერმანიის მოქალაქეთა ოჯახის წევრები და გადაუდებელი ოჯახური მიზეზებით მოგზაურნი,
დიპლომატები,
საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები,
სამხედრო პერსონალი,
ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში დასაქმებულები.
პირები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას,
ტრანზიტული მგზავრები
“ტურისტული მიზნებით მგზავრობა ნებადართული არ არის” – აცხადებს საქართველოს საელჩო გერმანიაში და აღნიშნავს, რომ საქართველოდან გერმანიაში გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მიმავალმა პირებმა საზღვრის გადაკვეთისას უნდა წარადგინონ ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR -ტესტის ნეგატიური პასუხი.

“ტესტის არქონის შემთხვევაში გათვალისწინებულია 14 დღიანი თვითიზოლაციის/კარანტინი სახლის პირობებში ვალდებულება. ვინაიდან გერმანიის ფედერალურ მიწებზე კარანტინის საკითხები განსხვავებულად რეგულირდება, მგზავრებმა ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართონ, მათი საბოლოო დანიშნულების ადგილის მიხედვით, შესაბამისი ფედერალური მიწის პასუხისმგებელ უწყებებს.

გერმანიის თექვსმეტივე ფედერალური მიწის ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახურის მოძიება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე.

“ქვეყანაში შესვლის უფლების მიცემის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სასაზღვრო საკონტროლო პუნქტებზე მომუშავე, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი სახელმწიფო მოხელეების დისკრეციის სფეროს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კოვიდ-19 ვირუსით გამოწვეული რეგულაციები და დაწესებული შეზღუდვები იცვლება ყოველდღიურად.

შეზღუდვები არ ეხება მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივი ბინადრობის უფლება, ასევე ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ლიხტენშტაინის, შვეიცარიის, ნორვეგიის და ისლანდიის მოქალაქეთა ოჯახის წევრებს (მეუღლე, არასრულწლოვანი და დაუქორწინებელი შვილი, არასრულწლოვან პირთა მშობელი)” – აცხადებს გერმანიაში საქართველოს საელჩო.

საქართველოს საზღვარი მხოლოდ ხუთი ქვეყნისთვის აქვს გახსნილი – გერმანია, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და საფრანგეთი. გერმანიის შეზღუდვების გარდა, ლიტვას და ლატვიას საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის ვალდებულება აქვს დაწესებული.

საქართველოდან რეგულარული ფრენები მხოლოდ მიუნხენის, რიგის და პარიზის მიმართულებით სრულდება.

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იმატებს. ბოლო 24 საათში გამოვლინდა 4 341 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 15 ადამიანი. სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 315 454 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა – 9 667.

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მაღალია საქართველოშიც. 8 ოქტომბერს გამოვლინდა დაავადების 472 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 3 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 553 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 66 კი გარდაიცვალა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი