მნიშვნელოვანისიახლეები

თელავის ბაღებში, აღსაზრდელთა მხოლოდ ნახევარი გამოცხადდა

თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, სააღმზრდელო პროცესს, რეგისტრირებული აღსაზრდელების მხოლოდ ნახევარი ესწრება.

როგორც რადიო ჰერეთთან თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ია ლუარსაბიშვილმა განაცხადა, დღეს, მუნიციპალიტეტის 32 ბაღიდან, სააღმზრდელო პროცესი, მხოლოდ 27 ბაღში დაიწყო.

“5 ბაღი ჯერ კიდევ რემონტდება. დღეს კარგი დასწრება არ არის, მშობლებს აშკარად ვირუსის შიში აქვთ, ზოგიერთმა პანდემიის გამო, წელს ბავშვის დარეგისტრირებაზეც კი თავი შეიკავა. ჩვენ მომზადებული ვართ, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის დაცვით, თუმცა ბავშვების ასაკის გამო, მეტი ძალისხმევაა საჭირო და სააღმზრდელო პროცესში, ყველა ჩართული ვართ, მათ შორის, ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც”, – განაცხადა ლუარსაბიშვილმა.

დღეს სააღმზრდელო პროცესს საბავშვო ბაღებში 1116 ბავშვი ესწრებოდა.

თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების მონაცემებით, მუნიციპალიტეტის 32 საბავშვო ბაღში, სულ 2966 აღსაზრდელია დარეგისტრირებული.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, ბაღის შენობაში მშობელი არ დაიშვება.

ბაღში მოწყობილია სპეციალური ოთახი, ბავშვის შეუძლოდ გახდომის შემთხვევისათვის.

აღსაზრდელები არ ატარებენ პირბადეს და დღეში რამდენჯერმე უტარდებათ თერმოსკრინინგი.

მსგავსი პოსტები

Back to top button