Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

პერუმ მაჩუ-პიქჩუ ერთი ტურისტისთვის გახსნა

100

პერუს მთავრობამ XV საუკუნის ძეგლი მაჩუ-პიქჩუ მხოლოდ ერთი ტურისტისთვის, იაპონელი ჯესი კატაიამასთვის გახსნა, რადგან ის ამას 7 თვის განმავლობაში ელოდებოდა.

კრივის ინსტრუქტორი ჯესი კატაიამა პერუს 2020 წლის მარტში ეწვია, რადგან ძეგლის მოსანახულებელი ბილეთი 16 მარტისთვის ჰქონდა შეძენილი და შესაბამისად, მას ქვეყანაში დარჩენა მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა დაგეგმილი. ახალი კორონავირუსისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო კატაიამამ მაჩუ-პიქჩუს მონახულება ვეღარ შეძლო, მას ასევე აეკრძალა ქვეყნიდან გასვლა და მაჩუ-პიქჩუს მახლობელ სოფელში დარჩენა მოუწია.

პერუში ყოფნის პერიოდში ჯესი კატაიამამ კრივის გაკვეთილების ჩატარება დაიწყო და ბავშვებისთვის სპეციალური კლასები გააკეთა.

ორშაბათს, 12 ოქტომბერს, პერუს კულტურის მინისტრმა, ალეჰანდრო ნეირამ, გადაწყვეტილება მიიღო, რომ მაჩუ-პიქჩუ ერთი დღით, მხოლოდ იაპონელი ტურისტისთვის გაეხსნა.

“ვფიქრობდი, რომ მაჩუ-პიქჩუს მონახულებას ვერ შევძლებდი, რადგან მის გახსნას 2020 წელს აღარ ველოდი. თუმცა, ამაზე აღარ ვღელავდი, რადგან პერუში შესანიშნავი დრო გავატარე. შეიძლება სიხარულისგან ვიტირო. ეს 7 თვე ძალიან განსაკუთრებული იყო, საკუთარი ახალი მხარეები აღმოვაჩინე”. – თქვა ჯესი კატაიამამ.

მისივე თქმით, ის თავის სამშობლოში, იაპონიაში, პარასკევს დაბრუნდება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი