fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ყირგიზეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

106

ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი თანამდებობიდან გადადგა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

“დედაქალაქ ბიშკეკში საზოგადოებრივი და პოლიტიკური სიტუაცია კვლავ დაძაბულია. გუშინ ჟოგორკუ-კენეშმა (პარლამენტმა)დაამტკიცა მთავრობა და მე მათ დანიშვნას ხელი მოვაწერე, თუმცა ამან დაძაბულობა ვერ განმუხტა. სამწუხაროდ, აგრესია არ ნელდება და ჩემი გადადგომის მოთხოვნა გრძელდება. არსებული ვითარება ახლოსაა ორმხრივ კონფლიქტთან. ერთ მხარეს არიან მომიტინგეები, მეორე მხარეს – სამართალდამცავი ორგანოები. შეიარაღებული ძალები და სამართალდამცავები ვალდებულები იქნებიან იარაღი გამოიყენონ სამთავრობო რეზიდენციების დასაცავად. ამ შემთხვევაში სისხლი დაიღვრება, ეს გარდაუვალია. მოვუწოდებ ყველა მხარეს, არ წამოეგონ პროვოკაციებს,“- წერს სოორონბაი ჟეენბეკოვი.

მისივე თქმით, ყირგიზეთში მშვიდობა, ერთობა და საზოგადოებაში სიმშვიდე მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომაც გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, ყირგიზეთში საპროტესტო აქციები 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებდნენ, სამთავრობო შენობები დაიკავეს. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა.

9 ოქტომბერს პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრს კუბატბეკ ბორონოვის მთავრობის გადადგომის შესახებ და განაცხადა, რომ მზადაა, ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე გადადგეს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი