მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

რა წესები იმოქმედებს საარჩევნო უბნებზე – ცესკოს განცხადება

კენჭისყრის კაბინა ერთი მხრიდან გახსნილი უნდა დარჩეს და გახსნილი მხარე კედლისკენ უნდა იყოს მიმართული ისე, რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი, ამომრჩეველი კი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური მოხმარებისათვის განკუთვნილი კალმისტრით. ამასთანავე, კენჭისყრის შენობაში უნდა განთავსდეს კონტეინერი, რომელშიც ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ, მის მიერ გამოყენებული კალამი უნდა მოათავსოს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის დღისთვის საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრას ემსახურება.

დადგენილების თანახმად, კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი და ხელის დეზინფექციისთვის საჭირო, სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი. ასევე, თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

ამასთანავე, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი ტემპერატურის შემოწმების გარეშე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეგულაცია ამომრჩეველზე არ ვრცელდება.

გარდა ამისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს კენჭისყრის შენობაში ხშირად შეხებადი ზედაპირების, მათ შორის, კარის სახელურებისა და სამუშაო მაგიდების სათანადო წესით ყოველ 3 საათში ერთხელ დამუშავება.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით;

რაც შეეხება საარჩევნო ბიულეტინების დათვლის პროცესს, მთვლელები მაგიდებთან უნდა განთავსდნენ ისე, რომ არ აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დანარჩენმა პირებმა კი მაგიდისგან 2 მეტრის დაშორებით ისე უნდა დაიკავონ ადგილი, რომ შეძლონ საარჩევნო ბიულეტენების დათვლისა და დახარისხების პროცესზე დაკვირვება.

საარჩევნო უბნის გახსნამდე და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესის დასრულების შემდგომ, უნდა მოხდეს კენჭისყრის შენობის დალაგება და დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით.

მსგავსი პოსტები

Back to top button