fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

პანკისში მიმდინარე აქციის მოთხოვნებს, ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი გაეცნო

173

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ადგილობრივმა მოსახლეობამ, ტაჯიკი ბიზბესმენების გატაცებისა ფა ფულის გამოძალვის საქმეზე დაკავებული პირების მხარდამჭერი აქცია გამართეს.

პანკისელები ოთხივე ბრალდებულს უდანაშაულოდ თვლიან და მათ განთავისუფლებას მოითხოვენ.

ერთ-ერთი დაკავებულის ძმის, ბიზნესმენ ვახტანგ ფარეულიძის განმარტებით, ბიზნესმენების გატაცებას ადგილი არ ჰქონია.

“ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო, მაგრამ გატაცება არ ყოფილა. მათ მანქანები უნდა ჩამოეყვანათ და წინასწარ ფული წაიღეს. ამ ფულის დაბრუნებაზე იყო საუბარი”, – განაცხადა ფარეულიძემ.

ადგილობრივი მოსახლეობისა და ოჯახის პოზიციას, ხეობის უხუცესებიც იზიარებენ და თვლიან, რომ შემდგარ სახელმწიფოში, უდანაშაულო ადამიანებს არ უნდა იჭერდნენ.

უხუცეხთა კავშირის თავმჯდომარე, ზელუმხან წუწაშვილი რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ დაკავებული ახალგაზრდები კარგი რეპუტაციით სარგებლობენ.

“ისინი კრიმინალურ მოქმედებებში არასოდეს არ ყოფილან შემჩნეული. ამიტომ მე ვთვლი, რომ ჩვენი თხოვნა უნდა გაითვალისწინონ და გაანთავისუფლონ”, – განაცხადა წუწაშვილმა.

უხუცესები და ადგილობრივები დაკავებულებს თავდებში უდგებიან და თავისუფლების სანაცვლოდ, მათ ქმედებაზე პასუხიმგებლობას იღებენ.

აქციის მონაწილეებთან, შესახვედრად, ქართული ოცნების ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი იმყოფებოდა.

მისი განმარტებით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხეობაში იმყოფებოდა და აქციას შეუერთდა.

“აქ საარჩევნო კამპანიას ვატარებ მოვედი, გავეცანი მოსახლეობის მოთხოვნას. გამოძიების პროცესში ვერ ჩავერევი, თუმცა, ვეცდები ამ ხალხის მოთხოვნა მივიტანო შესაბამის უწყებამდე”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით პანკისის ხეობის ოთხი მცხოვრები სამართალდამცავებმა 19 სექტემბერს დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 181-ე და 150-ე მუხლებით ედებათ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დაკავებულები პანკისელი ბიზნესმენის, ვახტან ფარეულიძის ძმა და მისი გარემოცვის წევრები არიან.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი