ბათუმში, გაერთიანებული ოპოზოციის “ძალა ერთობაშია” აქცია გაიმართა.
ღონისძიებას ასობით ადამიანი დაესწრო. ადგილზე შეკრებილებს სიტყვით პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა.
“ეს ყველაფერი არის მხოლოდ დასაწყისი. გამარჯვება არის სულ ახლოს, ცოტა კიდევ მოთმინება, ცოტა კიდევ მეტი გაძლება, ცოტა კიდევ მეტი ერთიანობა და შეტევითობა, და რამდენიმე დღეში საქართველოში აუცილებლად გათენდება და ჩვენი ქვეყანა ისევ გაბრწყინდება”, – მიმართა სააკაშვილმა ადგილზე შეკრებილებს.
აღსანიშნავია, რომ აქციაზე სიტყვით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეც უნდა გამოსულიყო, თუმცა მამის გარდაცვალების გამო ის აქციას ვერ დაესწრო.
“ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან ოჯახური მწუხარების – მამის გარდაცვალების გამო, ფიზიკურად თქვენთან ვერ ვიმყოფები. თუმცა თქვენთან ერთად დავძლევთ სიდუხჭირეს და შევქმნით ძლიერი სახელმწიფოს მყარ საფუძველს – მდიდარ ოჯახს. ჩვენ გავიმარჯვებთ ისე, რომ არცერთი მოქალაქე დამარცხებულად თავს არ იგრძნობს”, – წერს ლევან ვარშალომიძე.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცლების მხრივ, საქართველოში, აჭარა ლიდერობს.