fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ესპანეთში მცხოვრები ქართველები საარჩვნო უბნის გახსნას ითხოვენ

166

ესპანეთის ქალაქ კორდობაში მცხოვრები ქართველები, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის, საარჩევნო უნბის გახსნას ითხოვენ.

ემიგრანტები რადიო ჰერეთთან ამბობენ, რომ კორდობაში მცხოვრები ქართველები არჩევნებში მონაწილეობას, 2016 წლიდან ცდილობენ და როგორც ერთ-ერთი მათგანი ია ჭიკაძე ამბობს, ემიგრანტების თხოვნას საკონსულო უყურადღებოდ ეკიდება.

“უკვე რამდენიმე წელია, ვითხოვთ არჩევნებში მონაწილეობას და აქ საარჩევნო უბნის გახსნას. უბანი არის მხოლოდ მადრიდში. იქ წასვლა ძნელია, ხარჯებსაც უკავშირდება და დამსაქმებელიც ყოველთვის არ გვიწყობს ხელს. აქ ოთხასი ქართველი მაინც ცხოვრობს, ბევრი ოჯახითაც არის. ამდენი ადამიანის პანდემიის პირობებში, გადაადგილება უფრო დიდი პრობლემაა, რადგან ტრანსპორტი უნდა გამოვიყენოთ. ესპანეთი ვირუსისგან საკმაოდ დაზიანებული ქვეყანაა, ამიტომ ჩვენთვის ეს საფრთხის შემცველია. საკონსულოში წერილი გავაგზავნეთ, მაგრამ პასუხი აქამდე არ მიგვიღია”, – ამბობს ჭიკაძე.

კორდობაში მცხოვრები ქართველები, ხელისუფლებას, არჩევნების ელექტრონული წესის დანერგვას სთხოვენ.

“ჩვენ წლებია არჩევნებში და ქვეყნის მომავლის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება გვინდა. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ გვეძლევა. ჩვენ თუ გვერდში ვუდგავართ სახელმწიფოს, ის რატომ გვართმევს ხმის მიცემის შესაძლებლობას? ემიგრანტებისთვის მაინც დანერგონ ელექტრონული ფორმა. მადრიდში წასვლა, პანდემიის პირობებში ადვილი არ არის”, – განაცხადა რადიო ჰერეთთან, კორდობაში მცხოვრებმა ქართველმა, ნინო სულთანიშვილმა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, განმარტეს, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის შექმნა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი მონაცემების მიხედვით ხდება.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო და საკონსულოები გვაწვდიან მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ვხსნით საარჩევნო უბნებს. კარგია, თავად ემიგრამტებმა კავშირი იქონიონ საკონსულოებთან. რომელ ქვეყანაში და ქალაქშია ამ ეტაპზე უბნები გახსნილი, ჩვენი მოქალაქეები იქ მიემგზავრებიან-ხოლმე”, – განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში, რადიო ჰერეთს განუცხადეს, რომ ესპანეთში უბნის გახსნა, საკონსულოს საკითხია და კორდობაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების საკითხში, სამინისტრო გაერკვევა.

ესპანეთის ქალაქ კორდობაში მცხოვრები, ხმის მიცემის უფლების მქონე ქართველმა ემიგრანტებმა, საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, საქართველოს საკონსულოს, 2020 წლის ივლისში მიმართეს, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტი განმარტავს, რომ სხვა სახელმწიფოში, საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს, 3000 ამომრჩევლისათვის. ამ საარჩევნო უბნის შედეგებს ცესკო ცალკე აჯამებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი