კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანის მერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ

საგარეჯო-გურჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

ბეჟაშვილის ინფორმაციით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი და მისი ძმა ამომრჩეველს “ქართული ოცნებისათვის” ხმის მიცემას აიძულებენ და ოპონენტენს აშინებენ.

ბეჟაშვილმა ჩანაწერებიც გაასაჯაროვა, რომლებიც მისი მტკუცებით, ავთენტურია.

“პრაქტიკულად, გაშიფრულია ის კრიმინალური სქემა, რომლითაც გურჯაანში ქართული ოცნება ამომრჩევლების მოსყიდვასა და ზეწოლას ახორციელებს. აქ ფიგურირებს გურჯაანის მერი, არჩილ ხანდამაშვილი და სოფლების კოორდინატორები. მოვითხოვთ სამხარეო პროკურატურისგან, სასწრაფოდ დაკითხოს ეს ადამიანები და ველოდებით სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყებას”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილის ბრალდებას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა უპასუხა.

არჩილ ხანდამაშვილმა, რადიო ჰერეთთან განმარტა, რომ ყველაფერი, რასაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს, დივერსიაა.

“უავტორიტეტო პარტიას სხვა რა დარჩენია, რომ დივერსიული გვერდების მეშვეობით გაავრცელოს ცილისწამება. მათ იციან, რომ არჩევნებს პირველსავე ტურში წააგებენ და ამით ცდილობენ, წაგება ახსნან. რაც დავით სონღულაშვილს, გურჯაანისათვის გაკეთებული აქვს, იმის მეათასედი არ გააკეთა ბეჟაშვილმა გუბერნატორობის პერიოდში. სხვა რა ვთქვა, ამ სისულელეზე”, – განაცხადა ხანდამაშვილმა.

ჩანაწერები, რომელზეც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმოამდგენელი საუბრობდა, ერთ-ერთ ფეისბუქ გვერდზე” ჩემი საყვარელი ქალაქი” 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

ჩანაწერებში მითითებულმა, “ქართული ოცნების” კოორდინატორებმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში, ველისციხესა და ვეჯინში, მედიასთან კონტაქტზე უარი განაცხადეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button