Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ბაგრატ ნინიაშვილი ბუდაპეშტის გრან სლემზე მერვედფინალში დამარცხდა

75

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, 2019 წლის ევროპული თამაშების პრიზიორი ბაგრატ ნინიაშვილი ბუდაპეშტში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს, გრან სლემს, მერვედფინალიდან გამოეთიშა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 22 წლის ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორთან, აზერბაიჯანელ ორხან საფაროვთან დამარცხდა.

მერვედფინალამდე ბაგრატ ნინიაშვილმა მოლდოველი დენის ვიერუ და ყაზახი იელდოს ჟუმაკანოვი დაამარცხა.

ბუდაპეშტის გრან სლემი 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, საქართველოს სახელით კი ტატამზე კიდევ ხუთი ძიუდოისტი გავა. ხვალ იჭიდავებენ ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი (ორივე 73 კგ), ხოლო ზეგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ), გელა ზაალიშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ).

უნგრეთში მიმდინარე ტურნირს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო შეჯიბრების სტატუსიც აქვს. მასზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით სპორტსმენები მომავალ წელს გასამართი ტოკიოს ოლიმპიადის სარეიტინგო ქულებს მიიღებენ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი