“უმრავლესობაში თამარ მეფე და აღმაშენებელიც ვერ მოვლენ”
“უმრავლესობაში ვერავინ მოვა, ვერც ქოცი, ვერც ნაცი, იქნება კოალიციური პარლამენტი და მთავრობა”, – ასე მიმართა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, თელაველ ამომრჩეველს და აღნიშნა, რომ ასე უნდა ვუთვალთვალოთ ერთმანეთს, რომ ქვეყანა გაძლიერდეს.
ლეიბორისტების ლიდერმა, ახმეტა-თელავი-ყვარელი ლაგოდეხის პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე, ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და ამომრჩეველს ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასტუმრებისაკენ მოუწოდა.
“31ოქტომბერს ციხიდან უნდა გამოვუშვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენს ხარჯზე გამდიდრებულ ჩინოვნიკებს წავართვათ, ის რაც მიტაცებული აქვთ. გადასარჩენია ეკონომიკა, გადასარჩენია განათლება, სასამართლო, რომელსაც ივანიშვილი მართავს. ქვეყანაში დასაბრუნებელია ემიგრანტები. ვამბობდი 2003 წელს, არ შეიძლება ამათი მოსვლა, ტერიტორიებს დავკარგავთ-მეთქი. 2012 წელს ვიძახდი, თაღლითი მოდის ხელისუფლებაში-მეთქი და შურიანად გამომაცხადეს. თუ გნებავთ, ხმას ნუ მომცემთ, უბრალოდ დამიჯერეთ-ხოლმე”, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ლეიბორისტების თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი სურვილი მოვიდეს უმრავლესობაში, რეალური არ არის.
“მას წარმოუდგენია, რომ უნდა მოვიდნენ უმრავლესობით და დააკომპლექტებენ მთავრობას. ნიჭიერი კაცი კია, მაგრამ ალბათ იცის, რომ ეს შეუძლებელია. თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი რომ გაცოცხლდნენ და პარტია დააფუძნონ, უმრავლესობაში ისინიც კი ვერ მოვლენ, ისეთია ჩვენგან შექმნილი კონსტიტუციური მოდელი. ჩვენ გვექნება კოალიციური მთავრობა და აბა ნუ მიუღიათ, თქვენი სასარგებლო გადაწყვეტილებები”, – განაცხადა ნათელაშვილმა.
თელაველ ამომრჩეველს, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმაც მიმართა და განაცხადა, რომ მისი პირველი სადეპუტატო ამოცანა, თელავისა და სხვა ქალაქებისათვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის დაბრუნება იქნება.