Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ქართველი ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის პროცედურები

71

საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 38 ქვეყანაში 55 საარჩევნო უბანია გახსნილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ დაემატა ორი გენერალური საკონსულო იტალიის რესპუბლიკის ბარში და ამერიკის შეერთებული შტატების სან ფრანცისკოში, სადაც ასევე ჩატარდება საქართველოს საპარლამენტო არჩევნები:

“საზღვარგარეთ მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულყოფილად ჩატარება, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ თუ იმ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და დაწესებულ შეზღუდვებზე. მაგალითად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად ნოტით შეგვატყობინა, რომ ვინაიდან ა.წ. 28 სექტემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საომარი მდგომარეობის, რიგ ქალაქებსა და რაიონებში გამოცხადებული კომენდანტის საათისა და ასევე, COVID-19 პანდემიის გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების ფარგლებში მ.წ. 19 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე აზერბაიჯანში გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი, მიიჩნევს, რომ არ არის რეკომენდირებული აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება”.

არჩევნებში მონაწილეობის პროცედურები:

საქართველოს მოქალაქემ დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღოს, აუცილებელია, იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე ან იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, საკონსულო აღრიცხვის სიებს აწვდის ცესკო-ს.

“საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეთა სია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, გადაუგზავნა ცესკო-ს. ამ თარიღისათვის, საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე იდგა 59 442 საქართველოს მოქალაქე”,– აცხადებენ უწყებაში.

უწყებისვე განმარტებით, მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა არ არის საკმარისი, რათა მოქალაქე მოხვდეს საბოლოო საარჩევნო სიაში. ამისათვის საჭიროა, იგი იყოს რეგისტრირებული საქართველოში ან საზღვარგარეთ და გააჩნდეს მოქმედი პასპორტი/პირადობის მოწმობა არჩევნების დღისათვის. 31 ოქტომბრის საპარლამენტო მიზნებისთვის პასპორტი ან პირადობის მოწმობა მოქმედი უნდა იყოს მინიმუმ 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემებისა და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ამომრჩეველთა საბოლოო სიის ფორმირებას ახდენს ცესკო.

ცსკ-ის მიერ საგარეო პოლიტიკური უწყებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 65 336.

შეგახსენებთ, რომ არჩვენები აზერბაიჯანის გარდა, ვერ გაიმართება საბერძნეთის ქალაქი სალონიკში. როგორც ცსკ–ში აცხადებენ, ქალაქი ” წითელ ზონად” გამოცხადდა და აკრძალულია ნებისმიერი სახის შეკრება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი