Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ივანიშვილის ბოლო მიმართვა ვიდეოჩანაწერით

174

ბიძინა ივანიშვილმა ჯერ ჩანაწერით მიმართა “ქართული ოცნების” ბოლო შეკრებაზე მისულ პარტიის წევრებს, შემდეგ კი სცენაზე გამოვიდა.

ფოიერვერკებს და “ოცნების საარჩევნო ჰიმნს” აპლოდისმენტებით მიესალმა.

მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ მცირედით მაინც გამრუდდეს ხალხის არჩევანი.

“დღეს იწურება მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა 4 წლის წინ მოგვცა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მეორე ვადით ანდო ქვეყნის ბედი და მისი განვითარების პერსპექტივა. როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერმა, პირველ რიგში, გულითადი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ნდობისთვის. ხელისუფლების წყარო ხალხია და მხოლოდ ის წყვეტს, ვინ უნდა გაუძღვეს ქვეყანას. ასე მუშაობს დემოკრატია და მე ამაყი ვარ, რომ დღეს, ქართველ ხალხს კლავ მყარად უპყრია ხელთ ეს უზენაესი უფლება, რომელიც 2012 წლამდე მიტაცებული ჰქონდა უზურპატორს. მერწმუნეთ, დემოკრატიული ტრადიციის დამკვიდრება და მისი შეუქცევადობა, პირადად ჩემთვის, ყველაზე ღირებულია იმ მიღწევათა შორის, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობას და მის წარმატებებს უკავშირდება. ხვალ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი დღეა. ხვალ, ყველა ჩვენთაგანმა კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი საკუთარი რწმენის, ღირებულებების, სინდისისა და ინტერესების გათვალისწინებით და მე „ქართული ოცნების“ სახელით გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში – ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ მცირედით მაინც გამრუდდეს ხალხის არჩევანი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილი მხარდამჭერებს მიმართავს, არ იყვნენ გაბრაზებული მათზე, ვინც არჩევანს მათ სასარგებლოდ არ აკეთებს.

„ჩვენ ხომ ზედმიწევნით კარგად ვიცით, რას უქადის ეს არჩევანი ჩვენს სამშობლოს და სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ასპროცენტიანი გამოცხადებით დავიცვათ ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ, რათა არ დავუშვათ, რომ ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი. ისინი ხომ, განსხვავებული ხედვის მიუხედავად, ჩვენი სისხლი და ხორცი – ჩვენი ძმები და დები არიან. გახსოვდეთ, საკუთარ ხალხს არ უბრაზდებიან. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენზე განაწყენებული ადამიანების დიდ ნაწილს, ისევ ჩვენ ვეიმედებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავუწბილოთ მათ ეს იმედი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ვერავინ და ვეღარასდროს გაბედოს მსახურად დაიყენოს ხალხი, დაჩაგროს და ღირსება შეულახოს მათ. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ქვეყანაში აღარასოდეს დაისადგუროს შიშმა და უსამართლობამ. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა მოქალაქემ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც არ იგრძნოს მიტოვებულად თავი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ადამიანს უსახსრობის გამო არ ეშინოდეს ექიმთან მისვლის. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ქართველ კაცს არასოდეს მოუწიოს აჩეხოს ვაზი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ჩვენ შვილებს ჰქონდეთ ევროპული ხარისხის განათლების საქართველოში მიღების გარანტია, ჩვენ ოჯახებს – კეთილდღეობა, ხანდაზმულებს კი – ღირსეული სიბერე. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა მშვიდობა და სტაბილურობა იყოს ურღვევი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა გაგრძელდეს ქვეყნის შენება და დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში. მოდით, კვლავაც ერთად ვატაროთ ჩვენი ქვეყანა გამარჯვების გზაზე და კვლავაც ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს წარმატებისთვის”, – აღნიშნავს ივანიშვილი ვიდეო მიმართვაში.

დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს.

ივანიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, რევანშზე ორიენტირებული ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს.

„მე პატივს ვცემ საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევანს და დრამატულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მათი გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას“. დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, ოპოზიციურ ველზე კვლავ დომინირებს რევანშზე ორიენტირებული, დესტრუქციული ძალა, რის გამოც, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, პრაქტიკულად, ამ ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ასპროცენტიანი გამოცხადებით უნდა დაიცვან ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ, რათა არ დაუშვან, რომ „ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა“.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი