მსოფლიოსიახლეები

პოლონეთში, აბორტის აკრძალვის კანონის ძალაში შესვლა გადაიდო

პოლონეთის მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობამ აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებების ძალაში შესვა გადადო

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ოფიციალურად 2 ნოემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო და ამავე დღეს შესულიყო ძალაში. მთავრობაში ახლა საკითხის განხილვის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ.

“ურიგო არ იქნებოდა, გამოგვეყო ცოტა დრო დიალოგისთვის და ახალი პოზიციის პოვნისთვის ამ მდგომარეობაში, რომელიც რთულია და ემოციურად აღიქმება” – თქვა პოლონეთის პრემიერმინისტრის კანცელარიის ხელმძღვანელმა მიხაილ დვორჩიკმა.

საპროტესტო აქციები პოლონეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის მქონე ნაყოფის შემთხვევაში აბორტი არაკონსტიტუციურია. ამ გადაწყვეტილებით, ამგვარი მიზეზით აბორტი აიკრძალება და ლეგალური იქნება მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტის ან დედის სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში.პირველი საპროტესტო აქცია 22 ოქტომბრის საღამოს გაიმართა. საპროტესტო აქციებში ასობით ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. დემონსტრანტები ითხოვდნენ არა მხოლოდ გადაწყვეტილების გაუქმებას, არამედ ქვეყნის კონსერვატორული კურსის შეცვლასაც.

მმართველი პარტია სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება და უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას, რომ გადაწყვეტილებაზე მან მოახდინა გავლენა.

BBC News აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით პოლონეთში ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება აბორტის ლეგალურად გაკეთება. სტატისტიკურად ქვეყანაში ჩატარებული აბორტების 98% ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული. ბოლო წლებში პოლონეთში სულ ათასამდე აბორტი გაკეთდა, თუმცა უფლებადამცველების ინფორმაციით ყოველწლიურად დაახლობით 80-120 ათასი ქალი აბორტის გასაკეთებლად საზღვარგარეთ მიდის.

ასეთივე კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წლის წინაც დარეგისტრირდა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პროტესტის შემდეგ ავტორებმა კანონპროექტი გაიწვიეს.

პოლონეთში ექიმების დიდ ნაწილს ხელი აქვს მოწერილი ე.წ სინდისის კლაუზულაზე, რის გამოც, აბორტის გაკეთება კანონით დაშვებულ შემთხვევებშიც კი, თითქმის შეუძლებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button