მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

“სუს-ში დესტრუქციული სცენარისთვის მომზადებულები დავასახელე”

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გამოკითხვისას დაასახელა ინფორმაციის წყარო და ასევე წარადგინა იმ ადამიანთა სიები, რომლებიც “დესტრუქციული სცენარისთვის ემზადებოდნენ”.

“დამიკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მე გავავრცელე რამდენიმე დღის წინ. საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაცმოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს. მე მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, დავასახელე დღეს ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე შინაარსი და წარვადგინე იმ ადამიანების სიები, რომელებიც იყვნენ მომზადებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის. რა თქმა უნდა უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება და დღეს ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა”, – განაცხადა კობახიძემ.

მან კონკრეტული გვარებიც დაასახელა. კერძოდ, ოცნების ლიდერი აცხადებს, რომ რევოლუციური სცენარი სააკაშვილის მიერ იყო შედგენილი და მასში ენმ-ის სხვა ლიდერებთან ერთად, ჩართული იყვნენ დევით ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი.

“დავასახელე მათ შორის მათი ლიდერების გვარები. ეს ყველაფერი მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც შედგენილია მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც არის მთავარი ლიდერი ამ კრიმინალური, დესტრუქციული პოლიტიკური ძალის და მასთან ერთად ამ კუთხით მოქმედებდნენ რამდენიმე წარმომადგენელი ამ პარტიის, მაგალითად დევი ჭანკოტაძე, დიმიტრი შაშკინს, იყვნენ სხვებიც. ეს ყველაფერი იგეგმებოდა მათ მიერ”, – თქვა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ოპონენტებს გარკვეული გეგმები არჩევნების შემდგომ პერიოდშიც ჰქონდათ და გამოძიებას ამის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

“არჩევნების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული გეგმები და ამაზეც ჩემი ინფორმაცია მივაწოდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button