მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

სომხეთის პრეზიდენტმა ყარაბაღის ომის დასრულებაზე პრესიდან შეიტყო

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შესახებ პრესის საშუალებით შეიტყო.

„პრესიდან გავიგე, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელმოწერილია შეთანხმება ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ. ასევე პრესიდან გავიგე შეთანხმების პირობებიც. სამწუხაროდ, ჩემთან, როგორც ქვეყნის პრეზიდენტთან, ამ დოკუმენტის თაობაზე კონსულტაციები არ გამართულა, არანაირ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიმიღია“, – განაცხადა არმენ სარქისიანმა.

მისივე თქმით, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება ეროვნული მნიშვნელობის საკითხია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ყოვლისმომცველი კონსულტაციებისა და დისკუსიების შედეგად უნდა იქნას მიღებული.

„ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. ნებისმიერი ნაბიჯი, მოქმედება, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სომხეთს, არცახს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინტერესებსა და მთელი სომეხი ხალხის უფლებებს, განსაკუთრებით დოკუმენტის ხელმოწერა, ყოვლისმომცველი კონსულტაციებისა და დისკუსიების შედეგად უნდა იქნას მიღებული.

მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არცახის და, შესაბამისად, სომეხი ხალხის ბედი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით,“- აცხადებს სომხეთის პრეზიდენტი.

არმენ სარქისიანის მტკიცებით, არსებულ სიტუაციაში მისი, როგორც სომხეთის პრეზიდენტის უმნიშვნელოვანესი მისია ეროვნული ერთობის ჩამოყალიბებაა.

შეთანხმების შესახებ, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. ერევანში მისი განცხადებიდან მალევე არეულობა დაიწყო. აღშფოთებული მოქალაქეები მთავრობის კანცელარიაში შეიჭრნენ. ვითარება დაძაბულია. დემონსტრანტები სკანდირებენ „ჩვენს მიწას არ ვთმობთ!“ და თანამემამულეებს “კაპიტულაციის გაპროტესტებისკენ” მუწოდებენ.

შეთანხმების მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი მშვიდობისმყოფელთა ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას რომ უზრუნველყოფს/არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button