მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ოპოზიცია მოთხოვნების გადახედვას არ აპირებს – უშედეგო შეხვედრის პირველი რაუნდი

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტის პირველი რაუნდი აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში უშედეგოდ დასრულდა.

მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ დიალოგის დაწყება მხარეთა შორის პოზიციების დაახლოებას ემსახურება:

„რა თქმა უნდა, არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას მოლოდინი, რომ პირველ შეხვედრაზე ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკური დიალოგის დაწყება არის პოზიტიური და გავცვალეთ არგუმენტები. რაც მთავარია, კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინეთ ერთმანეთს და მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. რომლის თქმითაც, მიღწეულია შეთანხმება უახლოეს დღეებში მოლაპარაკებათა მეორე რაუნდის გამართვის შესახებ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველი პარტიის პოზიციაა, გადამოწმდეს ყველა ის საკითხი და კითხვა, რომელიც ოპოზიციის მხრიდანაა დასმული.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კოსტრუქციული და გახსნილი პოზიცია, ჩვენ გვსურს მივიდეთ იმ შედეგთან, როდესაც ყველა საბოლოო ჯამში პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და საქართველოს პარლამენტი განაგრძობს ფუნქციონირებას, როგორც ეს კონსტიტუციაში და კანონშია გაწერილი”, – უთხრა მედიას არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

პარტია”გირჩის” ლიდერის თქმით, შეხვედრა, პოზიციების გაცვლას ემსახურებოდა და ერთადერთი შეთანხმება რაც, ჯერჯერობით, მიღწეული იქნა, არის შემდგომი შეხვედრის გამართვა:

“მე კონკრეტიკაში ვერ შევალ, პირველი შეხვედრა იყო, მადლობა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩს, რომ მათი ფასილიტაციით მოხდა ამ შეხვედრის გამართვა. ამ შეხვედრაზე იყო პოზიციების გაცვლა. ოპოზიციურმა პარტიებმა მოვყევით ჩვენი ხედვა, თუ როგორ ვაფასებთ საპარლამენტო არჩევნებს და ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც საჯაროდ არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და იყო ხელისუფლების მხრიდან მათი პოზიცია. ეს იყო და ეს, ამ შეხვედრაზე, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომლის დრო და ადგილი, ჯერჯერობით, არ ვიცი. ჩვენი და ჩვენი ფასილიტატორების სურვილი და ზოგადი ატმოსფერო არის ისეთი, რომ ვთვლით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაცა ტიპის პოლიტიკური შეთანხმება არის მისაღწევი,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მისი თქმით, ის არ ისაუბრებს შეხვედრის ტექნიკურ დეტალებზე, რადგან ამან შეიძლება მოლაპარაკების პროცესი დააზიანოს. რაც შეეხება პროტესტს “გირჩის” ლიდერის თქმით, პროტესტის რეჟიმი გრძელდება.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით კი, ოპოზიცია მოთხოვნების გადახედვას არ აპირებს, თუმცა თუმცა კონსესუსი შესძლებელია. ამის შესახებ ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ჩვენ გვქონდა ჩვენი ხედვა და არგუმენტები, თუ რატომ გაყალბდა არჩევნები, ჩვენეული გამოსავალი ვთქვით ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ბატონ თალაკვაძეს ჰქონდა თავისი არგუმენტები, რომ არ გაყალბებულა მასშტაბურად არჩევნები და გამოსავალი მსგავსი შემოგვთავაზა. ბოდიშს გიხდით, მაგრამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, არ არის წესი დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დეტალების გამოტანა. თავისთავად, რომ პროცესი დაიძრა, ეს არის კარგი,”-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე განცხადებით, ოპოზიცია მოთხოვნების გადახედვას არ აპირებს, თუმცა კონსესუსი შესძლებელია.

“კონსესუსითი სივრცე რომ არ იყოს, არც დღეს შევხვდებოდით და არც მომდევნო შეხვედრას დავთქვამდით, არის სივრცე, რომ საერთო ჯამში მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ვითარებას განმუხტავს. ორივე მხარეს გვესმის, რომ არ არის მარტივი ვითარება. არჩილ თალაკვაძე თავის პარტიას უნდა დაელაპარაკოს, ჩვენ ჩვენ პარტიებს. გავივლით კონსულტაციებს და უახლოეს დღეებში ისევ შევხვდებით ერთმანეთს,”-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დიალოგს ალტერნატივა არა აქვს, კარგია, რომ შეხვედრა შედგა, დანარჩენს დავაკვირდეთ – აცხადებს აშშ-ის ელჩთან არაფორმალური შეხვედრიდან გამოსული პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი.

“ჩვენ მოვისმინეთ არჩილ თალაკვაძის პოზიციაც და ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა, მე დეტალებზე არ ვისაუბრებ, რადგან დეტალებზე საუბარი კორექტული არ არის, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას”, – ამბობს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში ოპოზიცია ყველანაირად ეცდება კომპრომისი გამოინახოს, თუმცა, პასუხისმგებლობის დიდი წილი “ქართული ოცნების” მხარეზეა.

დავით ბაქრაძემ მეორე მხარის პოზიციაზე საუბარი არ ისურვა, თუმცა განაცხადა, რომ მათ პოზიციებში დიდი სხვაობაა.

“ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში, განსხვავებები უზარმაზარია. ჩვენი ამოცანა, როგორც პასუხისმგებლიანი ძალების არის ის, რომ თანდათან ვეცადოთ კომპრომისის გამოძებნას, ოღონდ ამ პროცესში ჩვენი პოზიცია არის მყარი, რომ ის რაც ქვეყნისთვის ცუდი და უკანონოა, ვერ შედეგება კომპრომისი იმის ხარჯზე. ვფიქრობ, კომპრომისის სივრცე არსებობს და თუ იქნება პასუხისმგებლიანი მიდგომა, საბოლოო ჯამში, იმედი მაქვს, მხარეები შეთანხმებისკენ წასვლას მოვახერხებთ.

მე ვერ გავახმოვანებ მმართველი გუნდის პოზიციას, მოლაპარაკებებზე ეს არასწორია და ამას ვერ და არ გავაკეთებ. ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის, საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისთვის საზოგადოებისთვის კონსოლიდაციისთვის, ხელახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია. მმართველი გუნდის პოზიციის გახმოვანება ჩემგან არაკორექტულია, თუმცა ვაფიქსირებ, რომ დიდი განსხვავებაა ჩვენს პოზიციებში, ამიტომ არის ძალიან რთული პროცესი. იმედი მაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ განსხვავებებს შევამცირებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ მივიღოთ ის, რაც მიუღებელია.

მეორე შეხვედრა შედგება საკმაოდ მალე, მე ვერ დაგისახელებთ კონკრეტულ თარიღს, მაგრამ შეხვედრები გაგრძელდება ფასილიტატორების მონაწილეობით და ვფიქრობთ, რომ ეს ისეთივე რთული პროცესია, შეიძლებ კიდევ უფრო რთულიც, როგორიც იყო წლის დასაწყისში, რომელიც დასრულდა 8 მარტის შეთანხმებით. მაგრამ, ჩვენ ვეცდებით, რომ კომპრომისი იყოს მოძებნილი, მაგრამ პასუხიმგებლობის ძალიან დიდი წილი არის მმართველი გუნდის მხარეს, რამდენად გაიაზრებენ ისინი ქვეყანაში შექმნილი კრიზისის სიღრმეს,”-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

31 ოქტომბრიდან დღემდე ოპოზიცია ქუჩის აქციებით ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ისინი არ იზიარებენ იმ შედეგებს, რომელიც ამ მოცემულობით მათ აქვთ.

ერთი მხრივ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ, მეორე მხრივ კი აყენებენ წინაპირობებს, რომელსაც მეორე მხარე არ ეთანხმება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია რიგგარეშე არჩევნები, ხელისუფლება კი მხოლოდ არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ აპირებდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას.

12 ნოემბერს მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ დიალოგის მეორე რაუნდის უახლოეს დღეებში ჩატარების შესახებ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button