მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მაია ყალაბეგაშვილი: მკურნალობა უფასოაო-გვაბრმავებთ?

“იმის უნარი ხომ არ გაქვთ, გართულების შემთხვევაში, სადმე რომ მოათავსოთ პაციენტი, სახლში ვართ გამოკეტილები და ერთმანეთს ვამხნევებთ. მკურნალობა უფასოაო – გვაბრმავებთ. კი გვაქვს მაღალი სიცხეები, მესამე დღეა, მაგრამ ჯერ გონება ისევ გვემორჩილება და თვალებშიც არ შეგვიყრია ნაცარი. ლაბორანტი გამოვიძახე ჯეოდან. ესეც მომსახურების ჩეკი, სამი ადამიანის ანალიზის საფასური. მითხარით ეხლა, გვაქვს ჯანდაცვის სისტემა?”- ასეთი საჯარო პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, გაზეთ ” სპექტრის” რედაქტორმა, მაია ყალაბეგაშვილმა.

ყალაბეგაშვილმა სოციალურ ქსელში საჭირო ანალიზებისათვის კერძო ლაბორატორიაში გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარიც გამოაქვეყნა.

ქვითრის თანახმად, ყალაბეგაშვილებმა, რამდენიმე ანალიზში, გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალის” ლაბორატორიას, 305 ლარი გადაუხადეს.

თითქმის ერთი კვირაა, ჟურნალისტი, კორონავირუსს, ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად, სახლში ებრძვის და როგორც იკვეთება, მკურნალობის ხარჯსაც თვითონ იხდის.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მანანა გოგაშვილი ამტკიცებს, რომ კოვიდ ინფიცირებული პირის მკურნალობის ხარჯებს, სახელმწიფო ფარავს.

რა დოკუმენტით რეგულირდება არ ვიცი, მაგრამ მკურნალობა ნამდვილად უფასოა. მდგომარეობას ოჯახის ექიმი აფასებს და იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის გადაყვანის თაობაზე.

თუ პაციენტი თავად იჩენს ინტერესს, თავისთავად მას საფასურის გადახდა მოუწევს” – განაცხადა გოგაშვილმა რადიო ჰერეთთან.

ჯანდაცვის სამინისტროს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მკურნალობის სამი ეტაპი აქვს შემუშავებული.

პირველი ეტაპი, კოვიდ ინფიცირებულის, ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გულისხმობს.

დაავადებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდასთან ერთად, კოვიდ კლინიკებს საწოლ-ფონდი უმცირდებათ, რაც სახლში დარჩენილი პაციენტების რაოდენობის ზრდასაც იწვევს.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის, 31 დეკემბრის N 674 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო ფარავს.
რეალურად კი, აშკარად ჩანს, რომ ბინაზე სამკურნალოდ დატოვებულ მოქალაქეებს, შესაბამისი ანალიზებისა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება ხშირად თვითონ უწევთ.

რადიო ჰერეთმა გაარკვია, ისიც, რომ ბინაზე დარჩენილი პაციენტების ნაწილი, შესაბამისი ანალიზების ჩატარებას, ვერც სახლის პირობებში ახერხებს და ინფიცირებული პირებისათვის დაწესებული შეზღუდვების გამო, სამედიცინო დაწესებულამდეც ვერ მიდის.

” ოჯახის ექიმს რომ დავურეკეთ, გამოკვლევები გჭირდებათ, მაგრამ როგორ დაგეხმაროთ, კლინიკამდე მიდითო. 112- ში გვითხრეს, ოჯახის ექიმი დაგირეკავთ და გადაწყვეტსო. ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, 24 საათი დაელოდეთო. მერე გვითხრეს, საპატრულოსგან ნებართვა აიღეთო. იზოლაციის წესების დარღვევისათვის ჯარიმა გვემუქრება. არაფერი გვინდა, საავადმყოფომდე მისვლა გვჭირდება, ანალიზები რომ გავიკეთოთ. აღმოჩნდა, რომ შესაბამისი პროტოკოლი არ აქვთ, არადა 9 დღეა, სიცხე აქვთ და ფეხზე ვერ დგანან”- წერს თელავში მცხოვრები, ნათია დანელიშვილი.

რადიო ჰერეთი არაერთხელ ცდილობდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებასთან დაკავშირებას, თუმცა, უშედეგოდ. ცენტრში, რადიოს წერილობით კითხვებსაც არ უპასუხეს.

უპასუხოდ დატოვეს რადიო ჰერეთის სატელეფონო ზარები, თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც.

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში 1333 ინფიცირებული პირია. აქედან 908 ბინაზე სამკურნალოდ არის დატოვებული.

თელავსა და ლაგოდეხში, კოვიდ-კლინიკებად გადაკეთებული საავადმყოფოები, ინფიცირებულ პაციენტებს უკვე მკურნალობენ.

ორივე საავადმყოფოს ერთად, 100 მოქალაქის მკურნალობის რესურსი აქვს.საჭიროების შემთხვევაში, ავადმყოფების მიღებას საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალიც დაიწყებს.

კოვიდ პაციენტების მისაღებად, მზად არის ორი სასტუმრო თელავში, სადაც უკვე 21 პირია გადაყვანილი. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საკითხი, ეყოფა თუ არა რესურსი რეგიონს, ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, იმ ფონზე, როცა კახეთში უკვე ყოველდღიურად ასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება

მსგავსი პოსტები

Back to top button