Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

პირდებიან თუ არა პანკისელებს ხმების სანაცვლოდ მუთოშვილის გათავისუფლებას

პანკისის ხეობის მკვიდრის, შმაგი მუთოშვილის პროცესი უკვე მეორედ გადაიდო.

114

თელავის რაიონულ სასამართლოში, პანკისის ხეობის მკვიდრის, შმაგი მუთოშვილის პროცესი უკვე მეორედ გადაიდო.

დღეს, 13 ნოემბერს, გვარებს შორის შეტაკების დროს გარდაცვლილი ვისო მუთოშვილის ძმის, შმაგი მუთოშვილის წინა სასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო.

პროცესის გადადების ოფიციალურ მიზეზად, კორონა ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები დასახელდა.

დაწესებული რეგულაციების გამო, სასჯელაღსრულების უწყებამ პატიმრის ჩამოყვანა ვერ უზრუნველყო.
სასამართლოს ხელახლა გადადებამ, ბრალდებულის ოჯახის წევრების პროტესტი გამოიწვია.

შმაგი მუთოშვილის დედის, თამარ მუთოშვილის მტკიცებით, წინასაარჩევნოდ, ხელისუფლება ხეობის მცხოვრებლებს, ხმების სანაცვლოდ მუთოშვილს განთავისუფლებას დაპირდა.

“წინასაარჩევნოდ გამოვუშვებთო, ხმას თუ მოგვცემთო, თუმცა, პირობა არ შეასრულა. ჯერ არ დავასახელებ გვარებს და თუ არ გამოუშვებენ, ვიტყვი. პირადად, ჩემთვის არ უთქვამთ, შემოგვითვალეს. ფაქტიურად, ულტიმატუმი იყო”- განაცხადა მუთოშვილის დედამ.

 

მუთოშვილების ოჯახი სიმართლის დასამტკიცებლად, ევროპულ სასამართლოში ჩივილს არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, შმაგი მუთოშვილს, სისხლის სამართლის კოდექსის, 19, 109 და 236- მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც
ორი ან მეტის პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

გამოძიების მტკიცებით, მან პანკისის ხეობის სოფელ დუისში, მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელი სახლი დაცხრილა. მურად ქავთარაშვილი, ვისო მუთოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული პირია.

შმაგი მუთოშვილის განთავისუფლების მოთხოვნით, პანკისის ხეობაში საპროტესტო აქციებიც იმართებოდა

შმაგი მუთოშვილის დედის ბრალდებას ხმების სანაცვლოდ შვილის გათავისუფლების პირობის თაობაზე, ჯერ არ გამოხმაურებიან ხელისუფლებაში.

შეგახსენებთ, კახეთში ორი საარჩევნო ოლქიდან არჩევნების მეორე ტური თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის ოლქში გაიმართება.

მე-10 ოლქში ხმების 47,26% (41 662 ხმა) ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მოიპოვა.

მიღებული ხმების რაოდენობით კი მეორე ადგილზე 40,43% (35 665 ხმა) ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი