პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოთხოვნები უცვლელია – საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
“გზავნილი არის იგივე – ჩვენ არ ვაპირებთ, შევეგუოთ იმ რეალობას, რომელიც დაწერა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელიც დაუწერა ბიძინა ივანიშვილს.
ეს რეალობა შეიცვლება მას შემდეგ, რაც დაინიშნება ხელახალი არჩევნები და ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის წართმეულ ხმებს.
ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, ვიდრე ქართველი ხალხი არ დაიბრუნებს წართმეულ არჩევნებს. ასე რომ ხელისუფლებას ახლა აქვს მარტივი არჩევანი – საქართველოს ამომრჩეველმა უნდა გამოხატოს თავისი ნება და ეს არის ხელახალი არჩევნები. რამდენიც არ უნდა ივაჭროს ხელისუფლებამ – 3 მანდატს მოგცემ და 5 მანდატს – ჩვენ ამისთვის არ ვდგავართ ქუჩაში, ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის”. – თქვა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა პარტიის მსვლელობაზე, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე გაიმართა.
“ოპოზიციის გეგმაა მუდმივი წნეხი ხელისუფლებაზე, ქვეყნის შიგნით, აქციებით,მრავალფეროვანი, განგრძობადით. ასევე, მუდმივი საერთაშორისო წნეხი ხელისუფლებაზე, ყველა ჩვენი მეგობრის საშუალებით, ასევე მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, რომელზეც ველით რომ საბოლოო ჯამში გონს მოეგებიან და მიხვდებიან, რომ ერთპარტიული ჩრდილოეთკორეული პარლამენტი საქართველოში ვერ იფუნქციონირებს,“ – განაცხადა ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი გაბაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე იმყოფება პოლიტიკური მოძრაობა ”ტრიბუნას” თავმჯდომარე, დავით ჭიჭინაძე, რომელიც ამბობს, რომ 31 ოქტომბერს არჩევნების გაყალბება მოხდა.
“მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს ხელახალი არჩევნები და ხელისუფლება უნდა მოემზადოს, რომ მას რადგანაც არ აქვს მხარდაჭერა, უნდა დაუთმოს ხალხს. თუ არ დათმობს, მე ვფიქრობ, შეუძლიათ მარტო ისხდნენ და იბრძოლონ ამ ქვეყნის მომავლისთვის. მაგრამ მეეჭვება, 8 წელი გავიდა ისე, რომ ქვეყანა უკან დახიეს,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ლიდერები ამბობენ, რომ პროტესტი 22:00 საათის შემდეგ აღარ გაგრძელდება.
აქციამდე აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრის II რაუნდი გაიმართა. ოპოზიციას იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლებას მათთან კონკრეტული შეთავაზებები ექნებოდა, თუმცა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიციური პარტიების წევრებმა თალაკვაძის წინადადებას აღმაშფოთებელი უწოდეს, თუმცა, დეტალებზე არ ულაპარაკიათ.