Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს გამართავს

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები უარს ამბობენ საარჩევნო უბნების ვიდეო კამერების ჩანაწერების ნახვასა და ხმების გადათვლაზე

173

პარლამენტის წინ ოპოზიციის აქცია დასრულდა – მის ბოლოს “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი უგულავამ დემონსტრანტებს მომდევნო დღეებში დაგეგმილი სამი აქციის შესახებაც გააცნო გეგმები და უთხრა, რომ მთავარი გეგმა, რომლითაც ოპოზიცია მოქმედებს, გამძლეობაა.

უგულავას გეგმის მიხედვით, აქციები გაიმართება 17-18 ნოემბერს, როცა საქართველოში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტია დაგეგმილი, ასევე არჩევნების მეორე ტურის დღეს და იმ დღეს, როცა მეათე მოწვევის ერთპარტიული პარლამენტი პირველად შეიკრიბება.

გიგი უგულავას თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტისას აქცია მდუმარე იქნება, დისტანციის დაცვით.

გიგი უგულავა

„17-18 ნოემბერს საქართველოს ეწვევა ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი, მაიკ პომპეო. ჩვენ ყველა მივესალმებით მას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ჩვენი მთავარი თავისუფლების გარანტი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენელს და ასევე ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს მდუმარე პროტესტს. დავაფენთ თითოეულ სტიკერს, სადაც ეწერება „გაყალბებულია“ და რუსთაველის პირველიდან ჭავჭავაძის გამზირის პირველამდე, მთელი ცენტრალური პროსპექტები მოფენილი იქნება ამ სტიკერებით, დავაფენთ, დავდგებით ზედ და ვიტყვით, გაყალბებულია, გაყალბებულია, გაყალბებულია და ამ სიყალბეს არ მივიღებთ!

21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურისას აქციებს ცოცხალი ჯაჭვის სახე ექნება.

“მეორე ტური არის სიყალბე და ჩვენ, ქართველი ხალხი არ ვცნობთ სიყალბეს“, – უთხრა გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს. პარლამენტის პირველი შეკრების დღის კი, “მათ მოუწევთ ჩვენს სხეულზე გადაბიჯება”, – ასეთია უგულავას გეგმა.

“როდესაც ძალით ფურცელზე შეკოწიწებული „ივანიშვილის პატიოსან გვამთა ერთობა“, რომელსაც ისინი უწოდებენ პარლამენტს, გადაწყვეტს ამ შენობაში შეკრებას ანუ ე.წ. პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღეს, ჩვენ ყველა, ქუდზე კაცი შევიკრიბებით აქ და მათ მოუწევთ ჩვენს თვალებში ჩახედვა, მათ მოუწევთ ჩვენს სხეულზე გადაბიჯება იმისთვის, რომ შევიდნენ აქ და „გაუპრავონ“ ივანიშვილს ის, რაც მისთვის არ მიუცია ქართველ ხალხს, ის, რაც მას არ ეკუთვნის. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა და, ამავე დროს, ჩვენ ვესაუბრებით მათ“, – განაცხადა უგულავამ.

კახა კალაძე

აქციის პარალელურად, დღეს, “ქართულ ოცნებაში” მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შესახებ განცხადებები გაკეთდა.

ამ თემაზე გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემაც ისაუბრა. კალაძის თქმით, შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა ოპოზიციას, ბიულეტენების გადათვლა და ვიდეოჩანაწერების ნახვა შესთავაზა, თუმცა მისი ინფორმაციით, ოპონენტებმა ორივე წინადადებაზე უარი თქვეს.

კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიციის ინტერესი არ არის გაირკვეს სიმართლე. დიალოგის დეტალებზე, მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს ოპოზიციამ სიცრუე უწოდა.

მათი თქმით, იმ საკითხზე თავიდანვე იყო საუბარი, რომ ხმების გადათვლა არ იქნებოდა. ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის წითელი ხაზი არის ხელახალი არჩევნები და არა გაყალბებული ხმების გადათვლა.

“ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ არანაირი ხმების გადათვლა არ იქნებოდა, რადგან ეს შედეგების სურათს ვერ აჩვენებს. როგორ უნდა გადავთვალოთ კარუსელში მონაწილე ხალხი და ისინი ვისაც პირადობები წაართვეს? წითელი ხაზი არის ხელახალი არჩევნები და არა ხმების გადათვლა,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რაც შეეხება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას პოზიციას, ის აცხადებს, რომ ხმების გადათვლა ვერ მოიცავს გაყალბების სურათს.

“გუშინ ცესკოში რაც ქნეს, უკანონოდ და ნაჩქარევად შეაჯამეს ეს ყველაფერი იმ პანიკაზე მეტყველებს, რომელიც ამ რეჟიმს აქვს. იმ უბნების გადათვლაზეც კი, სადაც ოპოზიციის საჩივრები იყო თვითონ არ იყვნენ მზად და ამიტომ გვითხრეს უარი. მათი კონტროლის ქვეშ არის ყველა ის ინსტიტუტი, რომელმაც უარი გვითხრა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადათვლები, ვერ მოიცავს გაყალბების მასშტაბს, უბრალოდ გადათვლა და გახსნა ავლენს უტიფარ ხასიათს. უარი როგორ უნდა გვეთქვა ამაზე, უბრალოდ ეგ არ არის გამოსავალი, თორემ ეგ უნდა მომხდარიყო, რადგან საჩივრები გვქონდა დაწერილი,” – აცხადებს გიგა ბოკერია.

ალეკო ელისაშვილმა კი, კახა კალაძის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ოპოზიციამ შეთანხმების მიუხედავად გაასაჯაროვა ის საკითხები, რომელზეც ჯერ არ უნდა ესაუბრათ  – მდაბიო საქციელად შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ უარი არაფერზე უთქვამთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები არა თუ გაგრძელდებოდა, არამედ უკვე მორჩენილი იქნებოდა.

ალეკო ელისაშვილი

“კალაძე იმ შეხვედრას არ ესწრებოდა, ამასთან, შეხვედრა და დიალოგის ფორმატი ნარჩუნდება. ჩვენ ვართ შეთანხმებულები რომ დეტალებზე არ უნდა ვისაუბროთ და ასეც ვაკეთებთ, ეს განცხადება კალაძის ტრადიციულად მდაბიო საქციელია. ჩვენ არაფერზე უარი არ გვითქვამს, რამეზე რომ კატეგორიული უარი გვეთქვა, მოლაპარაკებები დასრულდებოდა, თუმცა გრძელდება,” – აღნიშნავს პარტია ”მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.

 

 

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები უარს ამბობენ საარჩევნო უბნების ვიდეო კამერების ჩანაწერების ნახვასა და ხმების გადათვლაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ინტერესი სიმართლის გარკვევა არ არის. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მოთხოვნები “გამოგონილი გაყალბებიდან” გამომდინარეობს და ეს მოთხოვნები ვერ შესრულდება.

მამუკა მდინარაძე

“როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს ხმების გადათვლაზე, უარს ამბობს იმ დღის წესრიგში შემოსვლაზე, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები მათ სთავაზობენ ვიდეო კამერების ჩანაწერების ნახვას, გაშიფვრას მის ანალიზს, ხმების გადათვლას და როდესაც ასეთ საკითხებზე უარი გხვდება, კვლავ რადიკალური მოთხოვნები ისმის, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ინტერესი სიმართლის გარკვევა არ არის, მათი ინტერესია მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური მესიჯებით ფონს გასვლა და რაღაც შედეგის მიღება.

თუკი მათი მხრიდან იქნება ოდნავ რაციონალური წინადადება, ჩვენი მზაობა მოლაპარაკებისთვის ყოველთვის არის და კარი ღიაა. მაგრამ, როდესაც მოთხოვნა ისეთია, რომელსაც იურიდიული, ფაქტობრივი, რეალური, რელევანტური საფუძვლები არ გააჩნია და მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი მოთხოვნით შემოიფარგლება, რაც მოცემულობიდან არ გამომდინარეობს და გამომდინარეობს მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებიდან, ბუნებრივია, ეს მოთხოვნა აღსრულებას, შესრულებას და კომპრომისთან მისვლასა და პოზიციების დაახლოებას ვერ მოემსახურება”,- განაცხადა მდინარაძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.

ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

ამ მოთხოვნით უკვე 2 საპროტესტო აქციაც გაიმართა. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დღეს,14 ნოემბერს, ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრის II რაუნდი გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან კონკრეტულ წინადადებას ელოდნენ, თუმცა შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ, რომ 13 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებამ, არც დაეკმაყოფილებინა ოპოზიციის და NGO-ების არც ერთი საჩივარი, დიალოგის ისედაც რთული პროცესი კიდევ უფრო გაართულა. 

ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადაგომა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი