ანალიტიკამნიშვნელოვანისაქართველო

მაიკ პომპეო საქართველოშია

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოშია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დახვდნენ.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თბილისში ჩამოსვლას აშშ-ის საელჩო ეხმაურება:

სიხარულით მივესალმებით სახელმწიფო მდივან პომპეოს ულამაზეს ქალაქ თბილისში. სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას.

სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე,”- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, 18 ნოემბერს მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ოფიციალური ინფორმაციით, მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები თავდაცვის, უსაფრთხოების, ვაჭრობის, ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროებში.

მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები თბილისში მდუმარე აქციას გამართავენ. ერთი მხრივ, ისინი მიესალმებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს, მეორე მხრივ, „ცოცხალი ჯაჭვით“ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს გააპროტესტებენ.

აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი ამერიკის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება და ამბობს, რომ მისი მხოლოდ ხელისუფლებასთან შეხვედრა შეცდომაა.

“პომპეო საქართველოშია, რომელიც კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც არჩევნების შედეგები სადავოა. ის მხოლოდ მთავრობას ხვდება, რაც შეცდომაა”, – წერს იან კელი Twitter-ის გვერდზე.

გავლენიანი პოლიტიკური კომენტატორი და საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი ტომ როგანი გამოცემა Washington Examiner-ში თბილისში დაგეგმილი პომპეოს ვიზიტის შესახებ კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს და სახელმწიფო მდივანს მოუწოდებს, ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გამართოს შეხვედრა.

როგანი აღნიშნავს, რომ ამჟამად ყველაზე საგანგაშო საკითხი 31 ოქტომბრის სადავო არჩევნებია, რომელშიც მმართველმა პარტია ქართულმა ოცნებამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

“მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კვლევებით ქართულ ოცნებას სტაბილური უპირატესობა ჰქონდა, არჩევნების დღეს პარტიამ მოსალოდნელზე ბევრად უკეთესი შედეგები მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა ეს შედეგი არ მიიღეს. მათი შეფასებით, საარჩევნო “კარუსელებმა” და ამომრჩეველთა დაშინებამ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია, რამაც მმართველ პარტიას უსამართლო უპირატესობა მოუპოვა”, – ამბობს როგანი.

საქართველოში ვიზიტამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საფრანგეთსა და თურქეთს ეწვია. თბილისიდან ის ისრაელში გაემგზავრება, შემდეგ კი ტურნეს გააგრძელებს არაბთა გაერთიანებულ საამიროში, ყატარსა და საუდის არაბეთში.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button