მნიშვნელოვანისაქართველო

ანა მიქელაძემ ცესკოს პრესს-სპიკერის თანამდებობა დატოვა

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ანა მიქელაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესს-სპიკერის თანამდებობა დატოვა.

ინფორმაციას თავად მიქელაძე ჰერეთთან არც უარყოფს და არც ადასტურებს.

თუმცა ჰერეთის ინფორმაციით, ანა მიქელაძემ პოსტი არჩევნების პირველი ტურის შედეგებამდე დატოვა და სავარაუდოდ არჩევნების მეორე ტურის დასრულებამდე ოფიციალურ განმარტებებს არ გააკეთებს.

ანა მიქელაძე ცესკოში 2015 წლიდან მუშაობს.

მიქელაძის ნაცვლად, დღეს ცესკოში ახალი პრესს-სპიკერი ნათია იოსელიანი გამოჩნდა, რომელმაც მედიისთვის ბრიფინგი გამართა.

როგორც რადიო ჰერეთს ცესკოში განუცხადეს, ნათია იოსელიანი პრესს-სპიკერის ფუნქციებს დროებით ასრულებს, ანა მიქელაძე კი კვლავ მათი თანამშრომელია.

როგორც გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი, ჯამში 6 საარჩევნო სუბიექტის წარდგენილი კანდიდატები.

21 ნოემბერს მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება; რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური საარჩევნო უბანი.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 2 140 210-ია.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ, როგორც სადამკვირვებლო ისე მედიაორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს გაუგრძელა რეგისტრაცია/აკრედიტაციის ვადა. საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, ასევე მედიას შეეძლო წარმომადგენლების სიებში ცვლილების შეტანა. შესაბამისად, 21 ნოემბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 9 521 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 47 345 და 48 საერთაშორისო ორგანიზაციის 920 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესის გაშუქების მიზნით აკრედიტებულია 118 მედიაორგანიზაციის 5 964 წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილებაში (№665) შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც  20 ნოემბრიდან გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა; შესაბამისად საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ გადაადგილდნენ შეზღუდვის გარეშე. დადგენილება ძალაშია 22 ნოემბრის დილის 05:00 სთ-ის ჩათვლით.

ხვალ, 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, ოქმები, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის საჭირო ყველა ინვენტარი და აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალის უბნებზე გადაცემის პროცესი.

„მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს აგიტაცია იკრძალება კენჭისყრის შენობაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ არავის აქვს უფლება შეაფერხოს ამომრჩევლის გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელთან და ხმის მიცემის თავისუფლად განხორციელება კანონით არის უზრუნველყოფილი. ხმის მიცემა ფარულია და არავის აქვს უფლება აკონტროლოს ან გაამჟღავნოს ვინმეს არჩევანი“,-აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

21 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე  results.cec.gov.ge.

დილის 07:00 საათიდან, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრი – 2 51 00 51 და ონლაინ ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით.

„ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედია ცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

მივმართავ ამომრჩევლებს, იაქტიურონ საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურზე, მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. ასევე მივმართავ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“, – განაცხადა პრეს-სპიკერმა ბრიფინგის დასასრულს.

მსგავსი პოსტები

Back to top button