Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ოპოზიციურმა პარტიებმა დემოკრატიას ზურგი აქციეს – ირაკლი ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" კანდიდატი კახეთშიც უკონკურენტო გარემოში აღმოჩნდა

112

” ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საკუთარი არჩევანი თელავში, პირველ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ქადაგიშვილის განცხადებით, მან არჩევნებში ხმა, ქვეყნის შემდგომ განვითარებასა და წინსვლას მისცა.

“ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის პროცესს. რაც შეეხება, იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია არ მონაწილებს არჩევნების მეორე ტურში, ეს არის უპასუხისმგებლობა საკუთარ ამომრჩეველთან და დემოკრატიული პროცესის უგელებელყოფა” – განაცხადა ქადაგიშვილმა.

რადიო ჰერეთის კითხვას, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია მთავარ კონკურენტთან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” და იქნება თუ არა, მისთვის უხერხული ერთპარტიულ პარლამენტში ყოფნა, ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები ჩამოსცილდნენ დემოკრატიულ პროცესს.

“ჩემს კონკურენტთან კომუნიკაცია არ მქონია, თუმცა ვთვლი, რომ ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღოთ.რაც შეეხება, პარლამენტის ერთპარტიულობას, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა 50- ზე მეტმა პარტიამ მიიღო . აქედან 9 პარლამენტში მოხვდა. ამაზე მეტი მრავალპარტიულობა შეუძლებელია. ის, რომ რაღაც პარტიებმა საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მოაგროვეს, არ ნიშნავს, რომ არჩევნები არ იყო არასამართლიანი. არანაირი მტკიცებულება რომ არჩევნები გაყალბდა, არ არსებობს. ოპოზიციურმა პარტიებმა სასურველი შედეგი ვერ დადეს და დემოკრატიას ზურგი აქციეს. ეს არის სამწუხარო რეალობა მათთვის”- განაცხადა ქადაგიშვილმა.

“ქართული ოცნების” კანდიდატმა, კორონა ვირუსით ინფიცირების გამო, არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა ვერ მიიღო.

31 ოქტომბერს, მან ახმეტა- თელავი- ყვარელი- ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, ამომრჩეველთა ხმების, 47, 26%, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გიორგი ბოტკოველმა, 40, 43% მიიღო.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, ბოტკოველმა უარი, 1 ნოემბერსვე განაცხადა.

არჩევნების მეორე ტური, დღეს, საქართველოს მასშტაბით, 17 საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს, სადაც მაჟორიტარი დეპუატატობის კანდიდატებს, ” ქართული ოცნებიდან” კონკურენტი არ ჰყავთ

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი