Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

2050 წელს მარსზე ქალაქი აშენდება

ილონ მასკმა წითელ პლანეტაზე ქალაქის გაშენების გეგმა მცირე ხნის წინ გააჟღერა

337

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა საზოგადოებას მარსის მომავალი კოლონიზაციის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა. მის მიერ ტვიტერზე გაკეთებული კომენტარის თანახმად, წითელ პლანეტაზე ჩასული ადამიანები თავდაპირველად შუშის გუმბათებში იცხოვრებენ. სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის თქმით, ქალაქის მშენებლობა იქ 2050 წლიდან დაიწყება და დროთა განმავლობაში მისი მოსახლეობა მილიონს მიაღწევს.

მასკის განცხადებით, წითელ პლანეტაზე არსებული გარემოს შეცვლას საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობა დასჭირდება.

ატმოსფეროს ისე გარდაქმნას, რომ ადამიანებმა სუნთქვა შეძლონ, იქ იმდენად დიდი დრო დასჭირდება, რომ საბოლოო შედეგს ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში, სავარაუდოდ, ვერც მოვესწრებით.

“სამაგიეროდ, ჩვენ იქ ბაზების განლაგება შეგვიძლია. სხვა თუ არაფერი, კაცობრიობის ნაკვალევს მომავალში კოსმოსში მოგზაური ცივილიზაცია აღმოაჩენს და ნანგრევების შემხედვარე მიხვდება, რამდენად შორს წავედით”, – ვკითხულობთ ილონ მასკის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარში.

ილონ მასკმა წითელ პლანეტაზე ქალაქის გაშენების გეგმა მცირე ხნის წინ გააჟღერა. მან მარსის კოლონიზაციის საჭიროება დედამიწაზე მოსალოდნელი საფრთხეების, მათ შორის, მეტეორის შეჯახების, ვულკანების მასშტაბური ამოფრქვევისა და ბირთვული დაპირისპირების შესაძლებლობით ახსნა. მასკმა განსაკუთრებული ყურადღება მესამე მსოფლიო ომის დაწყების დიდ ალბათობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ სასურველია, კაცობრიობამ სხვა ციურ სხეულზე დასახლება ამ მოვლენამდე მოასწროს.

ამის გარდა, მასკმა ისიც აღნიშნა, რომ SpaceX მარსზე დაარსებული კოლონიის სხვადასხვა მომსახურებით უზრუნველყოფისას დედამიწაზე მოქმედ საერთაშორისო კანონმდებლობას არ დაექვემდებარება, არამედ საკუთარს შექმნის. ეს შეეხება Starlink-ის ხელოვნური თანამგზავრების ქსელსაც, რომლის განთავსებასაც კომპანიის დამფუძნებელი წითელი პლანეტის გარშემოც გეგმავს.

SpaceX-მა ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური

ხომალდი Starship სწორედ მარსსა და მთვარეზე ეკიპაჟიანი ფრენებისთვის შექმნა. მისი დანიშნულება ამ ციურ სხეულებზე ერთდროულად ასი ადამიანის ტრანსპორტირებაა.

დაახლოებით 120 მეტრი სიგრძისა და 9 მეტრი სიგანის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის დედამიწიდან აფრენას რაკეტა Super Heavy უზრუნველყოფს, ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრიდან და მარსიდან გასაშვებად კი მას ამაჩქარებელი არ დასჭირდება.

ილონ მასკის თქმით, სწორედ ასეთ შუშის გუმბათებში იცხოვრებენ თავდაპირველად მარსზე ჩასული ადამიანები.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი