Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კახეთში ყველაზე მეტი თანხა საახალწლოდ, თელავში დაიხარჯება.

მერიამ საახალწლო განათებებისა და ილუმინაციების შესაძენად, 60 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

182

პრემიერ- მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თელავი იმ ქალაქების რიცხვშია, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით, 28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვები სრულად შეეხო.
ამის მიუხედავად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო განათებებისა და ილუმინაციების შესაძენად, 60 ათას ლარიანი ტენდერი მაინც გამოაცხადა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ბადური რევაზიშვილი მიიჩნევს, რომ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში, მერის მხრიდან, თანხების ხარჯვა, სწორი არ არის.

“ვის ელხინება ამ ახალ წელზე, ასეთ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში, რა დროს განათებები და დეკორაციებია. გაეფართოებინათ სოციალური პაკეტი და ეს თანხა ხალხისთვის მოეხმარებინათ. არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას და არ ვთვლი სწორად”- განაცხადა რევაზიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე , ფიქრია ყუშიტაშვილი ოპონენტებს არ ეთანხმება. მისი განმარტებით, ქალაქში საზეიმო ღონისძიებები არ ჩატარდება.

“60 ათასი ლარი გათვალისწინებულია მხოლოდ გარე განათებების და ილუმინაციებისთვის, რომლითაც მთელი ქალაქი დაიფარება. ნაძვის ხეს არ ვყიდულობთ, უკვე შეძენილი გვაქვს. ამდენის დახარჯვა საჭირო იმიტომ გახდა, რომ მოსახლეობამ განათებები დააზიანა, ზოგიც ჩამოხსნა და სახლში წაიღო. სოციალური პაკეტები გაიცემა, სოციალური დახმარებებისათვის გათვალისწინებული თანხებით. მინიმალური განწყობა ხომ მაინც საჭიროა”- განაცხადა ყუშიტაშვილმა, რადიო ჰერეთთან.

10 ათას ლარს დახარჯავს, საახალწლოდ, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია.
მერის, იოსებ ქარუმაშვილის განმარტებით, ახმეტის ცენტრში, გასულ წლებში ნაყიდი ნაძვის ხე დამონტაჟდება.

“წელს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ზეიმი არ იქნება. ეს თანხა უნდა გამოვიყენოთ, საახალწლო დეკორაციების მონტაჟის, დემონტაჟისა და სოციალური პაკეტებისათვის, რომლებსაც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს გადავცემთ”- განაცხადა ქარუმაშვილმა.

10 ათას ლარამდე თანხას დახარჯავს, საახალწლოდ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაც, თუმცა მერმა, გიორგი ერბოწონაშვილმა, რადიო ჰერეთთან განაცხადა, რომ მას კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და პარტიასთან შეთანხმება სჭირდება.

“დახლოებით, 10 ათას ლარს დავხარჯავთ, ზეიმი არ იქნება. სოციალურ პაკეტებსაც გავაკეთებთ, ასეთი პაკეტები ხშირად გაიცემა ჩვენთან. ჯერ კარგად არ ჩამოვყალიბებულვართ, სამხარეო ადმინისტრაციასა და პარტიასთანაც უნდა შევთანხმდეთ”- განაცხადა ერბოწონაშვილმა.
საახალწლოდ დასახარჯ კონკრეტულ თანხაზე, ჯერ არ ჩამოყალიბებულან, სიღნაღის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ საზეიმო ღონისძიებები არ იგეგმება და არ გამოცხადებულა ტენდერები.

დასახარჯი თანხის შესახებ, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ ლაგოდეხში. მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, საახალწლოდ, სოციალური პაკეტები მზადდება.

“წელს არაფრის შესყიდვას არ ვაპირებთ. ლაგოდეხის ცენტრში დავდგამთ ნაძვის ხეს. სოციალურ ჯგუფებს დავურიგებთ საახალწლო პაკეტებს და შექმნილი ვითარების გამო, გათვალისწინებული იქნება საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის გადასაცემი სასურსათო კალათები. რა ღირებულების იქნება თითოეული პაკეტი, უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდებით”- განაცხადა მდივნიშვილმა.

გასულ წელს, ჯერ კიდევ დაუდგენელი პირის მიერ დამწვარი ნაძვის ხის ნაცვლად, ახალი ნაძვის ხე დაიდგმება, დედოფლისწყაროს ცენტრში. ნაძვის ხე, მერიამ გასულ წელს საშობაოდვე შეიძინა.
დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრის დირექტორის, ილია მარტყოფლიშვილის განმარტებით, ჯერ თანხის ოდენობა, გათვალისწინებული არ არის.

“20 ათასი ლარი იყო ჩვენი ბიუჯეტი და პანდემიის პირობებში, საზეიმო ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული თანხა,შემცირდა. ნაძვის ხე, ფაქტიურად ახალია, ხანძრის შემდეგ შევიძინეთ. ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია”- განაცხადა მარტყოფლიშვილმა.

მთავარი ნაძვის ხე, დედოფლისწყაროში, გასული წლის 2 იანვარს დაწვეს. ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზიანმა, 31 ათასი ლარი შეადგინა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაძვის ხე , არასრულწლოვანმა გოგონამ დაწვა.
გამოძიება, მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლით დაიწყო,თუმცა საქმე დღემე დახურული არ არის.

საახალწლო ნაძვის ხე, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, შეზღუდვებდაწესებულ თელავში, 25 დეკემბერს აინთება.

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი