Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მთავრობის დადგენილების მიუხედავად, კახეთში მედპერსონალის ანაზღაურება არ გაზრდილა

მთავრობამ კოვიდის მართვაში ჩართული მედპერსონალისთვის ხელფასების ზრდის შესახებ, N 687- ე დადგენილება გამოსცა,

338

იმის მიუხედავად ,რომ მთავრობამ კოვიდის მართვაში ჩართული მედპერსონალის ანაზღაურების გასაზრდელად სპეციალური დადგენილება მიიღო, კახეთში კოვიდცენტრებში ხელფასები არ გაზრდილა. ჯანდაცვის სამინისტროსაც არ გაუკონტროლებია შესრულდა თუ არა დადგენილება.

კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდისა და გადატვირთული სამუშაო რეჟიმის პირობებში მედპერსონალს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, კვლავაც მიზერული ანაზღაურების პირობეში უწევთ მუშაობა.

არადა დოკუმენტის თანახმად, კლინიკებს, ექიმების, ექთნებისა და სანიტრებისთვის გაზრდილი ანაზღაურების გადახდის ვალდებულება დაეკისრათ. თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან განაცხადა, რომ იღებენ თუ არა ექიმები მომატებულ ანაზღაურებას, ინფორმაცია არ აქვს.

კერძო კლინიკებიში კი არნიშნავენ, რომ ის თანხა, რასაც სახელმწიფო ერთი კოვიდინფიცირებულის მკურნალობაში იხდის, მედპერსონალის ხელფასის მნიშვნელოვანი მატებისათვის, არ გამოდგება.

კოვიდის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ხელფასის მომატება შეიძლება მოხდეს, თუმცა ეს უმნიშვნელო ზრდა იქნება.

„ჩვენ ვართ დამოკიდებული იმ თანხაზე, რასაც სახელმწიფო ერთ კოვიდინფიცირებულზე, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ხარჯავს. იცით, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, ამ პროგრამით სარგებლობს. აქამდე ეს თანხა, სახელმწიფოსგან ოთხ თვეში ერთხელ გვერიცხებოდა, ახლა ყოველ სამ თვეში ვიღებთ, თუმცა, ხელფასის მნიშვნელოვანი მატებისათვის, ეს არ გამოდგება“ – განაცხადა რადიო ჰერეთთან, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, ზურაბ საჩიშვილმა.
რადიო ჰერეთმა გაარკვია, რომ ერთი კოვიდინფიცირებულის საავადმყოფოში მკურნალობისათვის სახელმწიფო დაახლოებით, 250, ხოლო კოვიდ სასტუმროში 300 ლარამდე ხარჯავს.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სამედიცინო პერსონალის დამატებითი ანაზღაურება საბაზრო ღირებულების მიხედვით, საათობით იანგარიშეს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კოვიდის მართვაში ჩართული მედპერსონალის ანაზღაურება შემდეგნაირადაა განსაზღვრული: ექიმს, საათი, 5, ექთანს- 3, ხოლო სანიტარს 1, 50 თეთრით აუნაზღაურდება. რეანიმაციაში მყოფი მედპერსონალი, საათში, 8 ლარიან დანამატს მიიღებს.

ხელფასების მატების შესახებ, კომენტარი არ გააკეთა ,ლაგოდეხის კლინიკა არქიმედეს დირექტორმა, ნუკრი ყარალაშვილმა.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერმა ხათუნა ჭონიაშვილმა განმარტა, რომ ექიმებისთვის მომატებული ანაზღაურება არ გაცემულა.

„ჩვენთან კოვიდ ინფიცირებული ავადმყოფების მიღება ცოტა ხანია, რაც დაიწყო. ამიტომ რა თანხა იქნება, ჯერ არ ვიცით “- განაცხადა ჭონიაშვილმა.

თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში, კოვიდ ინფიცირებულებისათვის 70, რეფერალურ საავადმყოფოში, 51 და ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში 30 ადგილია გამოყოფილი.

კორონა ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან, თითქმის ყოველდღიური შეხება აქვს გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს. ამის მიუხედავად, მთავრობის დადგენილებით, პერსონალის ხელფასების მატება განსაზღვრული არ არის.

ინფორმაცია, თელავის სასწრაფო- სამედიცინო დახმარების კოორდინატორმა, მიხეილ პაპაშვილმა დაადასტურა.

„ჩვენი ხელფასების მატება არ მომხდარა. დადებული გვაქვს ჰიპოკრატეს ფიცი და ვემსახურებით ჩვენს საქმეს“- განაცხადა პაპაშვილმა.

მთავრობამ კოვიდის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალისათვის ანაზღაურების გაზრდის შესახებ, N 687- ე დადგენილება გამოსცა,რომელიც ქვეყანაში 2020 წლის 19 ნოემბრიდან მოქმედებს.

 

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი